აზარტული თამაშით დაზარალებული ერთ-ერთი მომხმარებლის ადვოკატებმა სალომე აბესლამიძემ და ვალერი ხითაროვმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც კონკრეტულ ფაქტზე ისაუბრეს. მათი თქმით, მომხმარებელმა „ევროპაბეთის“ გათამაშებაში ავტომანქანა მოიგო, თუცა, არ აძლევენ.
„მინდა, რომ ფართოდ გახდეს ცნობილი ამ უკანონობის შესახებ, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მოხდა. მოგეხსენებათ, რომ აზარტული თამაშები საკმაოდ პოპულარულია საქართველოში. სამწუხაროა ამდენი მიმართვიანობა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, სამწუხაროა, რომ ამ საქმეს საკმაოდ დიდი მფარველებიც ჰყავს. ამის მომხრე ჩვენ არ ვართ და წინააღმდეგები ვართ. თუმცა, რეკლამები იმდენად დიდია, ერთვებიან ადამიანები ამ თამაშებში. ერთ-ერთი ორგანიზაცია არის ევროპაბეთი, რომელიც ათამაშებდა Tesla cyber truck-ს. გათამაშებაში მონაწილეობის დროს მომხმარებელმა მოიგო გათამაშებაში არსებული ავტომობილი და აღნიშნულის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილია.
2024 წლის 6 დეკემბერსვე მომხმარებელმა მოითხოვა მოგებული ავტომობილის მისთვის გადაცემა, თუმცა განუმარტეს, რომ აღნიშნული შესაძლებელია ყოფილიყო ტექნიკური ხარვეზი და მოგებულ რიზს საკითხის მოკვლევამდე ვერ გადასცემენ. ამავე დღეს, მომხმარებელმა წერილიც გაუგზავნა კომპანიას, და კიდევ ერთხელ ითხოვა მოგებული ავტომობილის გადაცემა, რასთან დაკავშირებითაც პასუხი არ მიუღია“ – აცხადებენ ადვოკატები.
მათი თქმით, ეს არის მოტყუება კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა: „თამაშობის ორგანიზატორთა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით 34-ე მუხლის შესაბამისად“.
ადვოკატები სათანადო რეაგირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივ მექანიზმებს მიმართავენ.
„გთხოვთ, დაუყონებლივ გადასცეთ მომხმარებელს/მოთამაშეს მის მიერ მოგებული პრიზი, არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული გავხდებით პირველ რიგში მივმართოთ შემოსავლების სამსახურს, ნებართვის გაუქმების მოთხოვნით, ასევე დაუყონებლივ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის დადგენის მიზნით (თაღლითობა). თქვენი მოქმედება სცდება კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს, შესაბამისად ინფორმაციას გადავცემთ ქვეყანაში არსებულ მედია საშუალებებს, რათა აღიკვეთოს მომხმარებლის უფლებების დარღვევა, სხვა პირების ინტერესების სასარგებლოდ“ – განმარტავენ ადვოკატები.
აზარტული თამაშით მოტყუებული – ადვოკატები “მედიაცენტრ მთავარში”