„ომი სწორედ რუსეთმა დაიწყო და რუსეთს შეუძლია დაასრულოს ის მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შეწყვეტით და უკრაინიდან თავისი ჯარების გაყვანით. ამიტომ მათზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ,,დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის ახალ სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ დარწმუნდა, რომ ვაშინგტონს, ისევე როგორც ბრიუსელს, სურს მდგრადი მშვიდობა უკრაინაში და არა დროებითი ზავი.
„ჩვენ გვჭირდება ზუსტად ისეთი მშვიდობა, რომელიც გამორიცხავს რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რუსეთის ფედერაცია თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 9 პროცენტს სამხედრო ინდუსტრიაში დებს. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად უნდა ვიყოთ ძლიერები, რათა სწორი სიგნალები გავაგზავნოთ“, – განაცხადა კალასმა.