ქართული დიასპორული ფორუმი – 2018 გაიხსნა

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში დღეს, ქართული დიასპორის ფორუმი გაიხსნა, რომელშიც ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობენ.

ფორუმის გახსნას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები და ხელმძღვანელები.

ორდღიანი ფორუმისთვის დელეგაციები ჩამოვიდნენ გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, უკრაინიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

ფორუმის ფარგლებში თემატური შეხვედრები 4 მიმართულებით იმართება: მედია და სახალხო დიპლომატია; ბიზნესი და ეკონომიკა; კულტურა და განათლება.

​ფორუმზე გამოსვლისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ყურადღება გაამახვილა დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერებასა და მათი ხელშემწყობი პროგრამების გააქტიურებაზე. ასევე, ქართული ენის შენარჩუნებაზე.

პრეზიდენტის თქმით, ქართული დიასპორის გამარჯვებები აძლიერებს ქვეყანასა და ქართულ საზოგადოებას, ამიტომ განსაკუთრებით სასიხარულო და აღსანიშნავია მათი ზრუნვა ჩვენი სამშობლოს მიმართ.

“ენის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი მიზანი უნდა იყოს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის მუშაობისა და თანამშრომლობის. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მზადაა მხარდაჭერა გამოხატოს იმგვარი პროექტების მიმართ, რითაც დიასპორები შეინარჩუნებენ მშობლიურ ენას, როგორც იდენტობის მთავარ ღერძს. ფონდი უკვე დაეხმარა რამდენიმე საკვირაო სკოლას და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ინიციატივებს ენის მიმართულებით. ამ კომპონენტის გაძლიერება მართლაც მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა საქართველოში საგანგებოდ ფორუმისთვის ჩამოსულ სტუმრებსა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებს.

“წარმომიდგენია, რამდენად ემოციურია მათთვის დღეს აქ, ჩვენთან ერთად ყოფნა. 100 წლის წინ ძალიან მნიშვნელოვან ეროვნულ საქმეს ჩაეყარა საფუძველი – საქართველომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა გამოაცხადა, ევროპული დემოკრატიული პრინციპების თანახმად მოწყობილი სახელმწიფო, მიიღო პირველი კონსტიტუცია და საამაყოა, რომ დღეს ჩვენ ვართ სწორედ იმ რესპუბლიკის საქმის გამგრძელებლები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი თემები