“მზია ამაღლობელის ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არც ერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც მან განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველა დონორი, თანხის თითოეული ჩამდები მზია ამაღლობელის ორგანიზაციებში, არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა.
„რაც შეეხება კონკრეტულად მზია ამაღლობელის შემთხვევას, თქვენ იცით, რომ ჩვეულებრივად კამერების თვალწინ იქნა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული, სამართალდარღვევა, როდესაც ხელი დაარტყა კონკრეტულმა ადამიანმა პოლიციელს, პოლიციის ხელმძღვანელს კონკრეტულ რეგიონში. ეს სამართალდარღვევა არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, შესაბამისად, ამ ყველაფრის მედიასთან დაკავშირება არის ცარიელი სპეკულაცია. მინდა, ყველას ერთი რამ ვუთხრა, როდესაც საუბარია რაღაცების წაქეზებაზე, ყველა ის ადამიანი, რომელიც მშვიდობიანს უწოდებდა არამშვიდობიან პროტესტს, არის იმ დანაშაულის წამქეზებელი, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ“- განაცხადა პრემიერმა.