„ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს

 

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო ასამბლეაში, მუშაობას წყვეტს.ამის შესახებ, უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო. როგორც წულუკიანმა განმარტა, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“.

“ჩვენ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა, ვიმსჯელეთ და, ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება დამტკიცებულია, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს, განხილვები მიკერძოებულია და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით, ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს.

საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად. ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ, დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები თითოეული ოფიციალური და არაოფიციალური პირი, ასევე, მათ უკან მდგომი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს.

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ყურადღებისთვის, ჩვენ თბილისიდან თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას ვგრძნობდით“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

მსგავსი თემები