“ახალი თეატრი“ რეგიონებში გასვლას იწყებს. როგორც ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსახიობები „ახალი თეატრიდან“ 1 თებერვალს, 09:00 საათზე, გავლენ აჭარის მიმართულებით. 2 თებერვალს საპროტესტო მანიფესტი სამეგრელოში ჩავა.
„შემოტანილი განცხადების საფუძველზე უზრუნველყავით საპროტესტო მანიფესტის სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ჩატარება“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც „ახალი თეატრი“ ავრცელებს.
“ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლის შესახებ 23 იანვარს გახდა ცნობილი. როგორც „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა, ყველაფერი გააკეთეს, რათა დიალოგი შემდგარიყო პროკურატურასთან, თუმცა, მისივე თქმით, „პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია“.
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს და აქციების დროს დაკავებული მოქალქეები, მათ შორის, „ახალი თეატრის“ მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლება მოითხოვეს.