„ვივამედში“ მოთავსებულია პატიმარი მძიმე დაზიანებებით, ვერ მოხერხდა მასთან გასაუბრება”- ომბუდსმენი

სახალხო დამცველი კლინიკა „ვივამედში“ მძიმე დაზიანებებით მოთავსებული პატიმრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომბუდსმენის წარმომადგენელი პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, ხოლო უშუალოდ კლინიკაში მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

„2025 წლის 29 იანვარს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია კლინიკა „ვივამედში“ ერთ-ერთი პატიმრის მძიმე დაზიანებებით მოთავსების შესახებ. შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებული პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით კლინიკაში იმყოფებოდა. საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, სახალხო დამცველის რწმუნებული, ასევე იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული 23 იანვარს კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, უშუალოდ „ვივამედში“ მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

დაწყებულია გამოძიება პატიმრის დაზიანებების წარმოშობის მიზეზების დადგენის მიზნით. სახალხო დამცველი მოუწოდებს გამოძიებას, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ფაქტის გამოძიება და პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა.

გარდა ამისა, როგორც აპარატისთვის არის ცნობილი, პატიმრის ოჯახის წევრები მიუთითებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მათ ინფორმაცია მომხდარის შესახებ არსებითი დაგვიანებით მიაწოდა. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის მოცემულ საკითხსაც. სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. აპარატი გააგრძელებს მისი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები