ინდოეთში, ქვეყნის უდიდეს რელიგიურ ფესტივალზე მასობრივი ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა და შესაძლოა, დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომლოცველთა დიდმა ჯგუფმა პოლიციის ბარიერების გადალახვა სცადა წმინდა ადგილას მისასვლელად, სადაც განბანვის ცერემონია მიმდინარეობდა, შემდეგ კი, ადამიანთა ნაკადმა მდინარის ნაპირას მძინარე ადამიანებს გადაუარა.
მედია წერს, რომ ფესტივალზე 100 მილიონამდე მომლოცველს ელოდნენ. დილის 10:00 საათისთვის უკვე 36 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა წმინდა განბანვის რიტუალში. მომხდარის გამო დღის მთავარი ცერემონია გადაიდო. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.