“იყო ხმების მოსყიდვის და რამდენჯერმე ხმის მიცემის შემთხვევები, განსაკუთრებით რეგიონებში”- ულიან ბულაი

PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე განაცხადა, საქართველოში არჩევნები ჩატარდა მაღალი პოლარიზაციის ფონზე.

„საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოხსენება გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. მოხსენებაში შეფასებულია საარჩევნო პროცესი. ჩვენ ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებთან ერთად ვაკვირდებოდით საქართველოში საარჩევნო გარემოს. ეს იყო პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდა. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 53.93%, საარჩევნო ბარიერი კიდევ სხვა ოთხმა პარტიამ გადალახა. რა დასკვნა გავაკეთეთ ჩვენ ამ დაკვირვების შედეგად?

არჩევნები ჩატარდა მაღალი პოლარიზაციის ფონზე, ასევე დიდი ანტაგონიზმი ჩანდა მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის. ჩვენ შეშფოთებულები ვართ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სიძულვილის ენის გამოხატვის გამო. იყო ხმების მოსყიდვის და რამდენჯერმე ხმის მიცემის შემთხვევები, განსაკუთრებით რეგიონებში. საარჩევნო უბნებზე იყო დამონტაჟებული კამერები, ხდებოდა ხალხის დაშინება და ამომრჩეველთა გაკონტროლება. ხალხს ჰქონდა განცდა, რომ „მათ დიდი ძმა უთვალთვალებს“- განაცხადა ბულაიმ.

მისივე განმარტებით, არსებობს კითხვები სახელმწიფო ინსტიტუტების მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის მიმართულებით.

“ასევე არსებობდა კითხვები გარკვეული სახელმწიფო ინსტიტუტების მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის მიმართულებით. ამ ყველაფერმა საკმაოდ დააზიანა და გამოუთხარა ძირი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და მისი შედეგების მიმართ ნდობას. ამიტომ გაჩნდა კითხვები გამოხატავდა თუ არა არჩევნები ქართველი ხალხის ნამდვილ სურვილს“- აღნიშნა იულა ბულაიმ.

მსგავსი თემები