ბრიუსელში, ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ. ევროსაბჭოს ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ვიდეოკონფერენციის საშუალებით აზრთა არაფორმალური გაცვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავენ.
„საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს მიმდინარე საკითხებს, ყურადღებას გაამახვილებს ბოლოდროინდელ მოვლენებზე და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში სწრაფად ცვლად ვითარებაზე. ამ პუნქტის ფარგლებში მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეეხებიან” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.