„საქართველოს წარმატება გვაძლევს იმედს, რომ მსოფლიო გათავისუფლდეს მალარიისგან“- WHO-ს დირექტორი

„საქართველოს წარმატება და ერთგულება გვაძლევს იმედს, რომ შესაძლებელია, მსოფლიო გათავისუფლდეს მალარიისგან“, – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი საქართველოსთვის, მალარიისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის სერტიფიკატის მინიჭებას გამოეხმაურა.

როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველომ მალარიის აღმოფხვრისთვის მიზანმიმართული და მდგრადი ნაბიჯები გადადგა, შედეგად კი,  მსოფლიოს იმ 45 ქვეყანასა და 1 ტერიტორიას შორის მოხვდა, რომლებმაც ეს მნიშვნელოვანი ეტაპი,  გადალახეს და მალარიისგან თავისუფალი სერტიფიცირება მიენიჭათ. საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას დიდ მიღწევად აფასებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგეც. მისი თქმით, საქართველოს წარმატებით, WHO-ს ევროპის რეგიონი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მსოფლიოში პირველი, მალარიისგან თავისუფალი რეგიონის სტატუსის მიღებას.

„ეს შედეგი ძალისხმევის გარეშე არ ჩნდება. ის შესაძლებელი გახდა ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების, პერსონალის ერთგულებისა და პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და მალარიის ყველა შემთხვევის ეფექტური მკურნალობის მიზანმიმართული ძალისხმევის წყალობით“ – განაცხადა ჰანს კლუგემ.

ადგილობრივი მალარიისგან თავისუფლად აღიარებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიცირების მისაღებად, საქართველომ, განაცხადი 2024 წლის აგვისტოში გააკეთა.

მსგავსი თემები