უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე განმარტავს, თუ რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადი მონაცემების გაჟონვა. ამის შესახებ, ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს და საზოაგდოებას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აფრთხილებს. გოცირიძის თქმით, ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საეჭვო გზავნილებსა და შეთავაზებებს.
“გაჟონვა შესაძლოა არც იყოს ახალი, უბრალოდ ახლა იქნა აღმოჩენილი ეს ბაზა, რომელიც ვიღაცას ატვირთული ჰქონდა ქლაუდზე და არ ჰქონდა დაცული პასვორდით. მოსალოდნელია სოციალური ინჟინერიის კამპანიების გააქტიურება, ამიტომ ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საეჭვო გზავნილებსა და შეთავაზებებს; გარდა ტრადიციული კიბერდანაშაულისთვის საბაზისო მონაცემების მოპოვებისა, ამ რაოდენობის ჩანაწერებით ეფექტურად შეიძლება მტრულად განწყობილი ქვეყნის, ან პოლიტიკური აქტორების მხრიდან პროპაგანდის მიზანმიმართული გავრცელება ან დეზინფორმაციული კამპანიის დაგეგმვა-განხორციელება“, – აცხადებს გოცირიძე.
გამოცემა Cybernews-ის ცნობით, საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადმა მონაცემებმა გაჟონა. გამოცემის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ბაზა Cloud-ზე გამოჩნდა, შემდეგ კი მოულოდნელად გაქრა. დაუცველი მონაცემთა ბაზა კიბერუსაფრთხოების მკვლევარმა, ბობ დიაჩენკომ აღმოაჩინა.
“საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადმა მონაცემებმა გაჟონა”- Cybernews-ი