„სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და მიიმალა“- ბათუმში მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამინი დააკავეს

პოლიციამ აჭარაში მომხდარი განზრახ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული გ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 იანვარს, ბათუმში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ დ.მ. – ს ბლაგვი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.თ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს”- აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები