,,არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქაში დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი, რის შემდეგაც ჯგუფურად დამესხნენ თავს. როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ დახმარება არ გამიწიეს, გონზე ვერ მოვედი”, – ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გახარიამ დღეს მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ბათუმის ,,შერატონში” განვითარებული მოვლენების დეტალებზე ისაუბრა.
,,მე ვიყავი ბათუმში ჩვენი პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე. როდესაც დავბრუნდი სასტუმრო „შერატონში“, უკვე შესასვლელშივე დამხვდა ადამიანების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც შესული არ ვიყავ,ი უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და ფაქტობრივად, ახორციელებდნენ თავდასხმას. ეს იყო ჯგუფურად ორგანიზებული, რასაც, რა თქმა უნდა, მოყვა ჩემი შესაბამისი რეაგირება.
ამავე დროს, იქვე ჩანდა, რომ ერთი ადამიანი ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა. სასტუმროს „ლობი“ დაცლილი იყო ადამიანებისგან, მათ შორის სასტუმროს თანამშრომლებისგან. აშკარა იყო ეს ადამიანები ცდილობდნენ შემემჩნია, რომ ისინი იყვნენ შეიარაღებულები. მას შემდეგ, რაც მე მოვახდინე რეაქცია და მე ამას არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი.
ამის შემდეგ ისინი თავს ჯგუფურად დამესხნენ, რის შემდეგაც როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ სასტუმროს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, მე გონზე ვერ მოვედი. მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ამ ყველაფრის მოყოლა მიწევს იმიტომ, რომ დღეს როგორც გამოძიება მიდის და როგორც ზოგიერთი პროპაგანდისტული ტელევიზია იქცევა, ფაქტია, რომ ისინი არ აპირებენ ამ საქმის სამართლიანად გამოძიებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.