გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო.

ოკმელაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 3 თებერვალს, 15 საათზე გაიმართება. დღეს კი მოსამართლემ მხარეებს საპროცესო შეთანხმება შესთავაზა და ამისთვის დრო მისცა, თუმცა ცნობილია, რომ მხარეები ამ შეთავაზებაზე უარს ამბობენ. დაცვის მხარის თქმით, გიორგი ოკმელაშვილი უდანაშაულოა და მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

ადვოკატის თქმითვე, მოსამართლე ახლა დილემის წინაშეა, რადგან არ არსებობს ოკმელაშვილის ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, მას დასაბუთებაც გაუჭირდება.

გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მას ასევე ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, მუხლი სრულად ამნისტირებულია, შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა.

დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები