“დემონსტრანტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობა გამოუძიებელი დარჩა”- ნიდერლანდების ელჩი

საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა, მელინე არაკელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დემონსტრანტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობა გამოუძიებელი დარჩა.

„უნდა ვთქვა, რომ წელს ამ კონკრეტულმა ჯილდომ [ადამიანის უფლებებში] განსაკუთრებული რელევანტურობა შეიძინა საქართველოსთვის. ვინაიდან, სამწუხაროდ, ადამიანის უფლებების დაცვაში უკუსვლა დავინახეთ საქართველოში, გასულ წელს მიღებული კონკრეტული კანონების გამო, რომლებიც ძალიან საზიანო იყო სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

ეწ. ოჯახური ღირებულებების კანონმა კარი გააღო ცენზურისთვის და საქართველოს ისედაც დაუცველი მოქალაქეების კიდევ უფრო მეტი სტიგმატიზებისთვის. ასევე ის, რასაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ – დემონსტრანტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობა გამოუძიებელი დარჩა და ამან შეშფოთება გააჩინა დაუსჯელობაზე.

ასე რომ, დღევანდელი ჯილდო პირდაპირ არ უკავშირდება საქართველოს მოვლენებს, ვინაიდან, როგორც ვთქვი, ამას ყოველ წელს მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ქვეყანაში ვაკეთებთ, მაგრამ წელს ამას განსაკუთრებული რელევანტურობა აქვს საქართველოში და ის ყველა ჩვენგანისთვის შეხსენებად რჩება, რომ არ შეგვიძლია ადამიანის უფლებების როგორც გარანტირებული რაღაცის მიღება. რეალურად გვჭირდება ამ უფლებების აქტიურად დაცვა და აქტიურად უნდა დავიცვათ ხალხი, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ“, – განაცხადა არაკელიანმა.

მსგავსი თემები