„ეს ნამდვილად ძლიერი გზავნილი და სიგნალი იყო. რუსეთზე ზეწოლა უნდა გავზარდოთ და მოლაპარაკებების წარმოება უნდა ვაიძულოთ. ჩვენ აშშ-ის ლიდერობა და მეტი ჩართულობა გვჭირდება. პრეზიდენტ ტრამპის ასეთ მკაცრ განცხადებას ნამდვილად მივესალმებით“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
ანდრეი სიბიგა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას არ დათანხმდება, მაშინ ის რუსეთს სანქციებსა და ტარიფებს დაუწესებს.
„თუ შეთანხმებას არ მივაღწევთ, თან მალე, სხვა გამოსავალი არ მექნება, გარდა მაღალი დონის გადასახადების, ტარიფებისა და სანქციების დაწესებისა ყველაფერზე, რასაც რუსეთი აშშ-სა და სხვა მონაწილე ქვეყნებს ყიდის. ჩვენ ამის გაკეთება მარტივი ან რთული გზით შეგვიძლია და მარტივი გზა ყოველთვის უკეთესია. „შეთანხმების მიღწევის“ დროა. მეტი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.