სირიის ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ასადის დამხობის შემდეგ მოვიდა ქვეყნის სათავეში, რუსეთთან ტარტუსის პორტის მართვის შესახებ ხელშეკრულება გაწყვიტა.
„რუსულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება ტარტუსის პორტში ინვესტიციების განხორციელების შესახებ ანულირებულია. პორტის მუშაობის შედეგად მიღებული მთლიანი ფული სირიის სახელმწიფოს ინტერესებს მოხმარდება“, – თქვა ტარტუსის პროვინციის საბაჟო სამმართველოს დირექტორმა რიად ჯუდიმ.
ცნობისთვის, სირიამ და რუსეთმა პორტის მართვის შესახებ ხელშეკრულება 2019 წელს 49-წლიანი ვადით გააფორმეს. დოკუმენტი რუსეთს პორტის მოდერნიზაციის მიზნით 500 მილიონი დოლარის გამოყოფას ავალდებულებდა.
ტარტუსში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა მდებარეობს, ხოლო ლატაკიის პროვინციის ქალაქ ხმეიმიმში – რუსული ავიაბაზა. სირიაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მათი ბედი ჯერ-ჯერობით უცნობია.