საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ დირექტორმა ცენტრის დახურვა გადაწყვიტა. მათი თქმით, გადაწყვეტილება ეფუძნება ცენტრის 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობას, რომელთაც ხელი მოაწერეს “საჯარო სექტორში დასაქმებულთა“ ერთობლივ განცხადებას.
„დღეს, 2025 წლის 21 იანვარს, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ამავე დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს გვაცნობა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ცენტრის 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობას, რომელთაც ხელი მოაწერეს „საჯარო სექტორში დასაქმებულთა“ ერთობლივ განცხადებას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დაყენებასთან დაკავშირებით და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობის დაგმობის შესახებ.
ჩვენ, აღნიშნულ განცხადებაზე პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებიდან ხელმომწერი პირები, მითითებულ ქმედებას ვაფასებთ, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული კეთილსინდისიერი თანამშრომლების მიმართ დაწყებული რეპრესიების მორიგ გამოვლინებას და საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქმედ თანამშრომლებში შიშის დანერგვის მცდელობას”- აცხადებენ ისინი.
მათივე ინფორმაციით, დეპარტამენტში 20 ადამიანია დასაქმებული და ლიკვიდაციის შედეგად ყველა აღმოჩნდება სამსახურის გარეშე.