მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იმის მტკიცებულება, რასაც შს სამინსიტრო ედავება, არ არსებობს. როგორც მსახიობმა აღნიშნა, ვიდეო მტკიცებულებაში მისი იდენტიფიცირება ხდება, მაგრამ მის წინააღმდეგ ფაქტი არ იკვეთება.
“მტკიცებულებაში იყო ორი ვიდეო, ერთი საერთო და ერთი, რომელშიც იდენტიფიცირება ხდება, ანუ მთლად ისე არ არის, რომ ვერ ხერხდება ჩემი იდენტიფიცირება, უბრალოდ იქ დროში იყო აცდენა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ის მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებს, რომ ბევრი ხალხი ვართ და მე ვდგავარ ამ ხალხში.
ის, რასაც მედავება შს სამინისტრო, მისი მტკიცებულება არ არსებობს. ფაქტს, რომ გზის გადაკეტვა მოხდა ხელოვნურად, ვერ ადასტურებენ. ის, რომ პირადად მე გადავკეტე, არც ეს დასტურდება ამ მტკიცებულებებით, ამიტომ სასამართლომ დღეს არ გამოგვიცხადა გადაწყვეტილება. დაველოდები იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც სასამართლო გამოიტანს და შემდგომ გავაკეთებ შეფასებას” – განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.
ბაჩო ქაჯაიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 23 იანვარს გამოაცხადებს.
ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ კი იმას, რომ ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.