„ახლა მაინც დაასვენონ ჩემი ძმა და მისი შვილი საფლავში“ – მანანა ვაზაგაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

2006 წლის 2 მაისს, კორტებთან, სპეცოპერაციისას ჩაცხრილული ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვაზაგაშვილების ოჯახი აფასებს და აცხადებს, რომ მთავარი მიზანი მიღწეულია. როგორც მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მამიდამ, მანანა ვაზაგაშვილმა „მედიაცენტრ მთვარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მისი ძმა, იური ვაზაგაშვილი სწორედ ამ სიმართლისთვის ბრძოლას შეეწირა.

„მოლოდინი გვქონდა, რომ გამამართლებელი გადაწყვეტილება დადგებოდა. იმიტომ, რომ ყველანაირი მტკიცებულება იდო საქმეში. ყველაფერი მოიპოვა თვითონ ჩემმა ძმამ, ადვოკატების დახმარებით. იური დარწმუნებული იყო მისი შვილის უდანაშაულობაში და ამიტომაც გადადო თავი. ყოველთვის იძახდა, შევეწირები ამ საქმეს და შეეწირა კიდეც. სამწუხაროა, რომ ვერ მოესწრო ამ დღეს. მან დაამტკიცა თავისი შვილის უდანაშაულობა. როგორია მამისთვის, რომელსაც უდანაშაულო შვილი დაუხვრიტეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ქუჩაში, რომ იყო ქურდი, ყაჩაღი. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ გამართლებულიყო ზურიკო და ლაქა ჩამორეცხილიყო და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამას მივაღწიეთ კიდეც,“ – აღნიშნა მანანა ვაზაგაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, ბევრი დღესაც ფიქრობს, რომ ზურა დამნაშავე იყო და ამიტომ ჩაცხრილეს, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააბათილა.

„დღემდე ეგონათ რომ ზურა დამნაშავე იყო. ათასი ცილისწამება მოდიოდა ჩვენს მიმართულებით და დღესაც გრძელდება. ნახოს, გაიგოს ხალხმა ვისაც ეჭვი ეპარებოდა ჩემი ძმისშვილის უდანაშაულობაში და მიხვდებიან რომ ეს ყველაფერი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ რეპრესირებული პოლიტიკა. ესე უმოწყალოდ ხოცავდნენ ქუჩაში. ჩემმა ძმამ გაიმარჯვა იქ, იმ ქვეყნაში და მინდა მივულოცო ჩემს ძმას. მადლობა მინდა გადავუხადო თეა წულუკიანს, რომელმაც უამრავ შეურაცხყოფას გაუძლო ჩვენს საქმესთან დაკავშირებით. ახლა მაინც დაასვენონ ჩემი ძმა და ძმისშვილი იმ ქვეყანაში“ – აღნიშნა მანანა ვაზაგაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები