პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულები, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.
დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ, რომელთაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.
შეგახსენებთ, რომ დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.