სიამენი – ეს არის უდიდესი ქალაქი ფუძიანის პროვინციაში და მდებარეობს პროვინციის სამხრეთ ნაწილში. ეს არის ეკონომიკური, ტურისტული და ისტორიული ქალაქი, რომელიც გამორჩეულია მუზეუმების სიმრავლითა და კულტურული სანახაობებით.
ქალაქი ნავსადგური სიამენი არის საზღვაო აბრეშუმის გზის ცენტრი. ის ასევე არის ჩინეთის ოთხი სპეციალური ეკონომიკური ზონიდან ერთ-ერთი, რომლებიც პრაქტიკულად ღია იყო მსოფლიოსთვის.
სიამენი კლასიფიცირდება როგორც დიდი ნავსადგურის მეტროპოლია. ქალაქი მოიცავს 1699 კვადრატულ კილომეტრს, მათ შორისაა 158 კვადრატული კილომეტრი კუნძული სიამენი და კულანკუ. 2024 წლის მაჩვენებლით, ქალაქში 5,327 მილიონი მუდმივი მცხოვრები ცხოვრობდა.
როგორც ჩინეთის სხვა ქალაქებში, აქაც, აუცილებელია ტურისტულ ქუჩაზე გასეირნება, განსაკუთრებით კი საღამოს. რას ნახავთ? ნახავთ ტურისტებით სავსე გრძელ, განათებულ, სანახაობებით დატვირთულ ქუჩას; ქუჩის ორივე მხარეს ლამაზად გაფორმებულ, მორთულ სავაჭრო და კვების ობიექტებს, სადაც ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებთ და გაეცნობით ადგილობრივ კულტურას; საოცარია სანელებლების მაღაზიები, სადაც საოცარი სურნელება ტრიალებს; ასევე, მარგალიტებით მდიდარ ქალაქში, საკუთარი ხელით შეგიძლიათ ოკეანის ნიჟარიდან მარგალიტები ამოიღოთ; ბუნებრივია, შეიძენთ სუვენირებს და ამ ტურისტული ქუჩის დათვალიერებით უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ, რომ არაფერი ვთქვათ მთლიან ქალაქზე.