“გარეჯი არ არის ქართულ-აზერბაიჯანული დაპირისპირების თემა, ის გეოპოლიტიკური საკითხია, რომელშიც სერიოზული ძალებია ჩართული” – მამუკა არეშიძე

“გარეჯი არ არის ქართულ-აზერბაიჯანული დაპირისპირების თემა, გარეჯი არის გეოპოლიტიკური საკითხი, რომელშიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან სერიოზული ძალებია ჩართული”, – ეს განცხადება ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში აზერბაიჯანში მომხდარი ამბების ფონზე, რასაც ქართულმა მედიამ ყურადღება არ მიაქცია, გარეჯის ამბავი სხვა კუთხით უნდა დავინახოთ.

“ძალიან ნიშანდობლივია ბოლო ამბები, რაც აზერბაიჯანში მოხდა და რასაც ქართულმა მედიამ ნაკლები ყურადღება მიაქცია. ალიევმა, რომელიც, პრაქტიკულად, სამი კვირა არ გამოჩენილა და ასე ვთქვათ, სამსახურში დაბრუნების შემდეგ, უცებ თანამდებობიდან გაათავისუფლა უშიშროების ხელმძღვანელი. ეს გვკარნახობს, რომ რაღაც ისეთი სერიოზული ხდებოდა აზერბაიჯანში, რამაც ერთის მხრივ, ალიევს თავის უსაფრთხოებაში ეჭვი შეატანინა და მეორეს მხრივ, ასეთი რადიკალური გადაწყვეტილებები მიაღებინა. ამ ფონზე გარეჯის ამბავი სხვა კუთხით უნდა დავინახოთ. გარეჯი არ არის ქართულ-აზერბაიჯანული დაპირისპირების თემა, გარეჯი არის გეოპოლიტიკური საკითხი, რომელშიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან სერიოზული ძალებია ჩართული. ძალები, რომლებიც ცდილობენ ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების შეცვლას. და სხვათაშორის, ამ ძალებმა გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწიეს. დაძაბულობა საზოგადოებებს შორის მატულობს, მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად იმართება ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული შეხვედრები და ორივე მხრიდან ცდილობენ სახელმწიფო ჩინოვნიკები, პოლიტოლოგები თუ მოლაპარაკე თავები მოლაპარაკებები შეარბილონ”, – განაცხადა ექსპერტმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მამუკა არეშიძის თქმით, ვიდრე საქართველოსა და აზერბაიჯანის მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრა არ შედგება, მანამ ეს თემა არ დაკონსერვდება.

“თუ გადავხედავთ რუსულ და თურქულ პრესას, მაშინ მივხვდებით, რომ გარეჯის საკითხი არამხოლოდ ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის თემა, არამედ ეს არის გეოპოლიტიკური თემა. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და გააზრებულად ვიმოქმედოთ. არიქა, ქართველობას გვართმევენ, ამ კუთხით მიდგომა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არც ჩვენი უნდა დავთმოთ, მაგრამ ამ ჩვენის დათმობა ჯოხებითა და ქვებით არ უნდა ვაწარმოოთ. ვიდრე არ შედგება საქართველოსა და აზერბაიჯანის მმართველებს შორის შეხვედრა, მანამდე ეს თემა არ დაკონსერვდება. აუცილებელია ამ შეხვედრის ორგანიზება”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, დავით-გარეჯის საკითხზე შექმნილ კომისიის მუშაობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსთან შედარებით, აზერბაიჯანელებს კომისიაში უფრო კომპეტენტური პირები ჰყავთ. 

“სამი წელი იყო კომისიის მუშაობა შეჩერებული. სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ კი, განახლდა. არ მუშაობდა კომისია, რადგან როტაცია იყო ქართული მხრიდან. ჩვენ ხომ, როგორც ყოველთვის, მუდმივად აგდებულად ვეკიდებით, რომ ალბათ, ყველაფერი გამოვა. ამ დროს ამ კომისიის მუშაობა 1996 წლიდან დღემდე ძალიან ბევრჯერ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. ჩვენი მხრიდან კომისიაში იყო ადამიანი, რომელიც ხელოვნურად ცვლიდა სიტუაციას, არა საქართველოს სასიკეთოდ – რუკების შერჩევა, რომ აზერბაიჯანისთვის ყოფილიყო მომგებიანი, იმაზე ხელის მოწერა და ბევრი სხვა. გარდა ამისა, მუდმივად ხდებოდა ხელმძღვანელების როტაცია. როგორც კი ახალი ხელმძღვანელი მოდიოდა, 6 თვე უნდებოდა საკითხის შესწავლას. ე.ი კომისია 6 თვე გაჩერებული იყო. ის დაიწყებდა საკითხზე მუშაობას და მერე იცვლებოდა. აი, ასეთი მიზეზები კომისიის მუშაობას აჩერებდა ან ნულზე დაყავდა მისი შედეგები.

ხალაფ ხალაფოვი, დღეს ვინც გამოდის აზერბაიჯანული მხრიდან, ის 1996 წლიდან 12 წლის განმავლობაში უწყვეტად იყო ამ კომისიის წევრი. მერე შეცვალა სხვამ და ახლა აღმოჩნდა, რომ ისევ დააბრუნეს. ანუ, აზერბაიჯანული მხარეში არიან უაღრესად მაღალი კომპეტენციის მქონე ადამიანები, რომლებმაც იციან, არამხოლოდ თემა, არამედ ურთიერთობის წესი. საქართველოს მხრიდან ეს ასე არ ხდება”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები