„ნიკა გვარამია საზოგადოებას სტრასბურგის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს“ – გურამ მაჭარაშვილი  

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ  გადაწყვეტილებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ტესტი ჩააბარა.

„როგორც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, ქართული მართლმსაჯულების მიერ, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, არც ერთ ეტაპზე და არცერთი მიმართულებით, სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევის ფაქტი არ გამოკვეთილა. ამით, ქართულმა მართლმსაჯულებამ, ფაქტობრივად, ჩააბარა მაღალი ევროპული სტანდარტების ტესტი. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ მოხსნა ის შეზღუდვები, ანუ ე.წ. შეჩერების მექანიზმი, რომელიც 2017 წლის 2 მარტს თავადვე დაუწესა ჩვენი ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, აღსრულების ნაწილში. კერძოდ, თუკი ქიბარ ხალვაში მოისურვებს, იუსტიციის სამინისტროს არამხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაა, შეასრულოს სტრასბურგის გადაწყვეტილება და შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი“ – აცხადებს მაჭარაშვილი.

დეპუტატის შეფასებით, სახეზეა მცდელობა, დაპირისპირების კიდევ ერთი ტალღა აგორდეს: „რუსთავი 2“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა გვარამია პირდაპირ ეთერში, დანაშაულს უწოდებენ სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებას და ამით, ერთის მხრივ, შეურაცხყოფენ საერთაშორისო ინსტიტუციას, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში. მათ უკვე არაერთხელ სცადეს სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირაცია საქართველოში, რაც არ გამოუვიდათ და ამჯერად, ცდილობენ დაპირისპირების კიდევ ერთი ტალღის მობილიზებას, ახლა უკვე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო გადაწყვეტილების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებით და პირდაპირ მოუწოდებენ საზოგადოებას, ამ მაღალი დონის ინსტიტუციის დაუმორჩილებლობისკენ“.

მსგავსი თემები