ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში დარტყმებს აგრძელებენ, რადგან „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.
„დღეს დილის მდგომარეობით, „ჰამასი“ არ ასრულებს თავის ვალდებულებებს და, შეთანხმების საწინააღმდეგოდ, ისრაელს არ მიაწოდა გასათავისუფლებელი მძევლების სია. პრემიერ-მინისტრის მითითების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ შევა მანამ, სანამ „ჰამასი“ თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს. ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებს დარტყმებს ღაზაში მანამ, სანამ „ჰამასი“ არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს შეთანხმებასთან დაკავშირებით“ – აღნიშნა ჰაგარიმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ამოქმედდება, სანამ ისრაელი არ მიიღებს იმ სამი მძევლის სიას, რომელიც “ჰამასმა“ დღეს უნდა გაათავისუფლოს.
“ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყება მანამ, სანამ ისრაელი არ მიიღებს იმ მძევლების სიას”- ბენიამინ ნეთანიაჰუ