“ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყება მანამ, სანამ ისრაელი არ მიიღებს იმ მძევლების სიას”- ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს ჯერ კიდევ არ მიუღია იმ მძევლების სია, რომლებიც “ჰამასმა“ დღეს უნდა გაათავისუფლოს, რაც შეაფერხებს ცეცხლის შეწყვეტის დაწყებას. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაავალა ისრაელის თავდაცვის ძალებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყოს მანამ, სანამ ისრაელს არ ექნება გასათავისუფლებელი მძევლების სია, რომლის მიწოდების პირობაც „ჰამასმა“ დადო“ – აღნიშნულია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში.

ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, დღეს, ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს, ღაზადან სამი მძევალი ქალის გათავისუფლება იგეგმება, თუმცა „ჰამასს“ მათი ვინაობა გუშინ შუადღისთვის უნდა გამოეცხადებინა.

დაჯგუფება „ჰამასის“ მტკიცებით, დღეს გასათავისუფლებელი მძევლების სიის ისრაელისთვის გაგზავნა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ხერხდება.

მსგავსი თემები