დღეს ნათლისღებაა

მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის 12 საეკლესიო დღესასწაულიდან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დღესასწაული ნათლისღებაა. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. იორდანეში შესვლით (წყალში სამგზის შთაფვლით) იესო ქრისტემ „წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა“ და დააწესა ქრისტიანული ნათლობა.

ტრადიციაა ისიც, რომ საქართველოშიამ დღესასწაულს ნათლულები ულოცავენ ნათლიებს. ამ დღეს განსაკუთრებული მზადებაა ხოლმე თბილისის სამების საკათედრო ტაძარში, სადაც წყალს თავად საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე, აკურთხებს.

მართლმადიდებელი ქრისტიანები გრძელ რიგში დგანან ნაკურთხი წყლის ასაღებად, შედიან ზღვაში განსაბანად და ამავე მიზნით ჩადიან გაყინულ მდინარეშიც. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დღემდე სრულდება მდინარეში მონათვლის უძველესი რიტუალიც. საქართველოს მოქმედ ტაძრებში სადღესასწაულო წირვა იმართება, წირვის შემდეგ კი ეკურთხება დიდი აიაზმა და ნაკურთხი წყალი მორწმუნე მრევლს ურიგდება.

მსგავსი თემები