„ველოდებოდი ამ დღეს და ეს დღეც დამიდგა“ – ზურა ვაზაგაშვილის დედა

„ველოდი, რომ სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება ძალაში იქნებოდა. რაც ზურიკო მოკლეს, მას მერე, ასე არაფერი გამხარებია. დღეს კი სამართლიანობის განცდა მაქვს“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოკლული ზურა ვაზაგაშვილის დედამ, ციალა ვაზაგაშვილმა გააკეთა.

როგორც ციური ვაზაგაშვილმა გვითხრა, თანხა მათთვის უინტერესოა, მთავარი სიმართლის დამტკიცებაა.

„წლები ველოდი ამ დღეს. ლანძღავდნენ და მიწაში არ აყენებდნენ ბავშვს. მამამისმა მთელი 9 წელიწადი უსმინა მის ლანძღვას და ამ დღეს მაინც ვერ მოესწრო, მე მოვესწარი. გული მწყდება, რომ ჩემს ქმართან ერთად ვერ მოვესწარი ამ დღეს. თანხას საერთოდ ყურადღებას არ ვაქცევ, მთავარი იყო, რომ ჩემმა შვილმა გაიმარჯვა და დაუმტკიცა საქართველოსაც და მსოფლიოსაც, რომ უდანაშაულო ბავშვი მოკლეს. როგორ ლანძღავდნენ ჩემს შვილს და რა სიმწარე იყო ამ ყველაფრის მოსმენა. ველოდებოდი ამ დღეს და ეს დღეც დამიდგა. რა თქმა უნდა, დღეს შემიძლია ვთქვა, რომ სამართლიანობის გრძნობა გამოჩნდა. დიდ ემოციებში ვარ“ – განუცხადა ციალა ვაზაგაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2006 წლის 2 მაისს, თბილისში, ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე, სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს სამი თვის ვადაში 50 ათასი ევრო დამატებით გადასახადი, რომელიც შესაძლოა, იყოს მიყენებული არამატერიალური ზიანისთვის.

მსგავსი თემები