თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 წლის მათე დევიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ის ისევ პატიმრობაში დატოვეს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა მიიღო.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფებისა და დევიძის ოჯახის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი სკანდირებდნენ: „მონებო”, “სირცხვილი თქვენ, თქვენი დროც მოვა”, “ივანიშვილის მონებო”.
„იმ ინციდენტის შემდეგ არ გაითვალისწინა მოსამართლემ ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს, ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს პირობებში არანაირად არ ვიმსახურებ ამას”, – განაცხადა დევიძემ.
ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და ახლა გამოძიება უკვე სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს.
მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.