„ეს არის პოლიტიკური ვაჭრობის ისეთი ნიადაგი, უკეთესი რომ ვერ წარმოგიდგენიათ“ – მამუკა არეშიძე კოალიციურ მთავრობაზე

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ, 2020 წელს პარლამენტი ძალიან აჭრელდება. როგორც არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს, პოლიტიკური ვაჭრობისთვის ნიადაგი საკმაოდ ხელსაყრელია. მისივე შეფასებით, თანამდებობისთვის ვაჭრობა მაშინ იწყება, როცა ბაზარი იხსნება.

„არ ვიცით, სიტუაცია 2020 წლისთვის როგორი იქნება. როგორ დალაგდება საპარლამენტო „მოზაიკა“ მაგრამ, დღევანდელი მონაცემებით “ქართულ ოცნებას” მიჰყვება რამოდენიმე პარტია, შედარებით მსხვილი წარმომადგენლობით. წვრილ პარტიებსაც აქვთ შესაძლებლობა, მოხვდნენ პარლამენტში. აქედან გამომდინარე, კოალიციური მთავრობის კომპონენტს ლოგიკა გვკარნახობს“ – განაცხადა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ მოხვდეს პარლამენტში: „ამ თვალსაზრისით “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობაში მოხვედრის ხიბლმა ხელი შეუწყოს იმ პარტიებსაც , რომლებიც დღეს თემატურ ალიანსში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, თუმცა, აუცილებლად შეეცდებიან თვითონ მოხვდნენ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“.

მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ მხოლოდ “ქართული ოცნება” არ იქნება ინიციატორი, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუშვას მთავრობაში: „სხვა პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში მოხვდებიან, უკლებლივ ყველა შეეცდება, თვითონ იყოს მთავრობაში წარმომადგენელი. ანუ, კოალიციაში შევიდეს მმართველ გუნდთან და დატოვოს „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ საპარლამენტო წარმომადგენლად. ეს არის პოლიტიკური ვაჭრობის ისეთი ნიადაგი, უკეთესი რომ ვერ წარმოგიდგენიათ. ქართული პოლიტიკური ელიტის ამბიციებიდან გამომდინარე, მათთვის სხვა სავაჭრო არც არაფერია. თანამდებობისთვის ვაჭრობის დღე მაშინ დგება, როცა ბაზარი იხსნება. ბაზრის გახსნის მომენტში არავის არაფერი ახსოვს, მთავარია, როგორმე თვითონ მოხვდნენ პარლამენტში“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები