გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ზრდის წინააღმდეგია, თუ ეს ბიუჯეტის სხვა პუნქტების შემცირებას მოითხოვს.
„მე წინააღმდეგი ვარ, რომ ეს თანხები პენსიებიდან ავიღოთ. მე წინააღმდეგი ვარ, რომ ეს გავაკეთოთ ადგილობრივი ბიუჯეტების შემცირების გზით. მე წინააღმდეგი ვარ, რომ ნაკლები თანხა ჩავდოთ სარკინიგზო და საავტომობილო გზებში“, – ამის შესახებ მან ქალაქ ბილეფელდში წინასაარჩევნო ღონისძიების დროს განაცხადა.
თუმცა, შოლცი აცხადებს, რომ პარლამენტში არ არის უმრავლესობა, რომელიც მხარს დაუჭერდა გერმანიაში სახელმწიფო სესხების მკაცრი შეზღუდვების, ე.წ. ვალის მუხრუჭის შეჩერებას უკრაინისთვის დახმარების დასაფინანსებლად.
ცნობისთვის, გასულ კვირას „შპიგელმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი არჩევნებამდე უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას ითხოვდნენ, მაგრამ შოლცმა ეს წინადადება დაბლოკა.