მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ, გუშინ ღამით, ბათუმში, „ბათუმელების“ დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავებას. გარდა ამისა,  ჟურნალისტებმა წაიკითხეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ვიდეომასალა, რომელზეც მზია ამაღლობელის დაკავება არის აღბეჭდილი, „არ არის სრულყოფილი და დამუშავებულია”.

“ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელზეც მზია ამაღლობელის დაკავებაა აღბეჭდილი, არ არის სრულყოფილი, დამუშავებულია და არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს.

ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით შეიყვანეს სამმართველოს შენობაში. დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ. არაერთი მოთხოვნისა და საჯარო მოწოდებების მიუხედავად, დაკავებულთან სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს, რითაც მისი დაცვის კონსტიტუციური უფლებები დაარღვიეს. საქართველოს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოვითხოვთ და მოვუწოდებთ:

შსს-ს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას; სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და უკანონო დაკავების ფაქტების სასწრაფოდ გამოძიებას; შსს-ს ბათუმის ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის ამ ეტაპზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას, მისი მხრიდან უკანონო, აგრესიული ქმედებების აღკვეთას; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს, მზია ამაღლობელის საქმით დაუყოვნებლივ დაინტერესებას, უწყვეტ მონიტორინგსა და შესაბამის შეფასებას“- წერია განცხადებაში, რომელიც ადგილზე მედიის წარმომადგენლებმა წაიკითხეს.

მედიის წარმომადგენლები ითხოვენ დაუყოვნებლივ მოხდეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება.

“პოლიციელზე თავდასხმა”- ბათუმში გუშინ 12 ადამიანი დააკავეს

მსგავსი თემები