“მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მათ გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრისა”- ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა, დასის წევრებთან ერთად თეატრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დოიშვილის თქმით, მოთხოვნის არ გათვალისწინების შემთხვევაში, პასიური პროტესტიდან მოქმედებაზე გადავლენ.
„ჩვენ გვაიძულეს დაგვეტოვებინა ჩვენი პროფესიული სივრცე და გამოვსულიყავით გარეთ ჩვენი მაყურებლისათვის, რომელიც 45-ე დღეა შინ არ შესულა. აქამდე ჩვენ პროტესტის პასიური ფორმა ავირჩიეთ, დღეს კი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი და მე, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი მოვითხოვთ, ამავე თეატრის მსახიობის – ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების, ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედავს და მათ გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრისა.
იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე ვერ წარმოადგინეს და არც არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მათ სისხლის სამართლის დანაშაულს დაადასტურებს. ჩვენი მოთხოვნის არ გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე, ნახავთ რეალურად თუ რა ძალა აქვს ხელოვნებას. გპირდებით, თქვენ ვერასოდეს ნახავთ მორჩილ თეატრს, თქვენ უკვე ნახეთ გაჩერებული თეატრი, მაგრამ არ გინახავთ თეატრი, რომელიც ერთი რიგითი ჯარისკაცისთვის მებრძოლია, ჩვენ ვიქნებით ეს თეატრი. თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და სხვა პოლიტპატიმრებს”- განაცხადა დავით დოიაშვილმა.