“ძალიან კარგად ვიცით, სად არის სიმართლე” – შს მინისტრის გამოკითხვა დასრულდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც გამოკითხვის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, მან ყველა კითხვას გასცა პასუხი.

„მოგეხსენებათ, რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას. კითხვები ბევრი იყო. შესაბამისად, ყველა ამ კითხვაზე ჩემ მიერ პასუხი იქნა გაცემული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ მივა უწყებაში.

„როგორც ერთხელ აღვნიშნე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რამდენჯერაც დამიბარებენ და საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვალ. მე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციას არ გვაქვს არანაირი პრობლემა, რადგან ძალიან კარგად ვიცით, სად არის სიმართლე. ჩვენ აქ მოვდივართ და ამ სიმართლეს ვეუბნებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გენერალური პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

მსგავსი თემები