ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოთხი „კანდიდატი“ დაარეგისტრირა: ე. წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ბადრა გუნბა; რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო წარმომადგენელი, ოლეგ ბარციცი; ოკუპირებული აფხაზეთის „ოპოზიციის“ ლიდერი, ადგურ არძინბა და ე.წ. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, რობერტ არშბა. ინფორმაცია „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება. „არჩევნების“ დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო 15 ნოემბერს დაპირისპირება დაიწყო. დაპირისპირების ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 19 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.