ბიზნესდოკუმენტების გაყალბების საქმეზე ტრამპი მოსამართლემ სასჯელისგან უპირობოდ გაათავისუფლა

ბიზნესდოკუმენტების გაყალბების საქმეზე დონალდ ტრამპს არ დაეკისრება არც პატიმრობა, არც ჯარიმა და არც პრობაცია. მოსამართლემ ის სასჯელისგან უპირობოდ გაათავისუფლა. შესაბამისი გადაწყვეტილება ნიუ იორკის სასამართლოს მოსამართლემ, ხუან მერჩანმა გამოაცხადა.

„გისურვებთ წარმატებას თანამდებობის მეორე ვადით დაკავებისას“, – უთხრა მოსამართლემ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, რომელიც სასამართლოს სხდომას ონლაინ რეჟიმში ჩაერთო.

სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მისი განცხადებით, მას ბრალი წაუყენეს იმისთვის, რომ მას საპრეზიდენტო არჩევნებში არ მიეღო მონაწილეობა.

დოკუმენტების გაყალბების საქმეზე დონალდ ტრამპი სასამართლომ დამნაშავედ გასული წლის მაისში ცნო. ბრალდების თანახმად, დონალდ ტრამპმა 2016 წლის არჩევნების წინ სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადა 130 ათასი დოლარი პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს, ეს თანხა კი დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა. დონალდ ტრამპი ბრალდებებს უარყოფს.

მსგავსი თემები