ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე დონალდ ტრამპის მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდება. საქმის მოსამართლემ, ხუან მერჩანმა უკვე განაცხადა, რომ ის ტრამპს პატიმრობას არ მიუსჯის.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი სასამართლო სხდომას არ დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს ონლაინ, ფლორიდაში მდებარე საკუთარი სახლიდან.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი ნაფიცმა მსაჯულებმა ბიზნესჩანაწერების გაყალბების ბრალდებით დამნაშავედ მაისში ცნეს. ტრამპს ედავებიან 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი, გამოძიების ვერსიით, ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი საერთოდ უარყოფს, რომ მას ინტიმური სახის ურთიერთობა ჰქონდა შტორმი დენიელსთან, ისევე, როგორც მისი დუმილის სანაცვლოდ წინასაარჩევნო ფონდიდან თანხების უკანონოდ გამოყენებას.