იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. სანქციები შეეხო რუსეთის 29 ორგანიზაციას და სამ ბანკს. 335 პროდუქტის დასახელების მიმართ კი დაწესდა საექსპორტო შეზღუდვები.
ასევე, იაპონიის ხელისუფლებამ სანქციების სიაში შეიყვანა რუსეთის 10-ზე მეტი მოქალაქე. მათ შორის არიან „როსტეხის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ვლადიმირ არტიაკოვი, „ალროსის“ გენერალური დირექტორი პაველ მარინიჩევი, „პსვ ტეხნოლოგიის“ გენერალური დირექტორი სერგეი პეტროვი და სამეცნიერო-სამრეწველო ორგანიზაცია „ელექტრომაშინის“ ხელმძღვანელი იგორ აფანასიევი.
გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა 31 უცხოურ კომპანიას ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაილანდიდან და თურქეთიდან, ასევე კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ მოქალაქეს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ იაპონიამ სხვა ქვეყნებთან ერთად დაიწყო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. იაპონიის ხელისუფლებამ აკრძალა რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების, ფოლადისა და ალუმინის, კოსმოსური აპარატებისა და მათი კომპონენტების, ელექტრომოწყობილობებისა და ოპტიკური აღჭურვილობის ექსპორტი.
იაპონიის პერსონალური სანქციების სიაში მოხვდნენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მაღალჩინოსნები, სამხედრო პერსონალი, ბიზნესმენები და სხვ. რუსეთმა ასევე დაკარგა ვაჭრობაში ყველაზე შეღავათიანი სტატუსი.