საქართველოს 14-16 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები ეწვევიან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, საქართველოში 14-16 იანვარს ფაქტების დასადგენი მისიით ჩამოვლენ თანამომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი, ლიბერალ დემოკრატების ალიანსი) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, სოციალ-დემოკრატიული პარტია). ინფორმაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პრესრელიზის თანახმად, ვიზიტი არ უნდა განიხილებოდეს მხარდაჭერა ლეგიტიმურობისადმი ან იმ თანამოსაუბრეთა შეხედულებებისადმი, რომლებსაც თანამომხსენებლები შეხვდებიან.

„ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე.

ვიზიტის დროს, თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, შესაბამის სამთავრობო ოფიციალურ პირებს და ინსტიტუტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას.

ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და ის არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ლეგიტიმურობისადმი ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებებისადმი, რომლებსაც , თანამომხსენებლები ხვდებიან“, – ნათქვამია პრესრელიზში.

გავრცელებული ინფორმაციით, თანამომხსენებლები გეგმავენ ზოგიერთი დაკავებული დემონსტრანტის მონახულებას, რომელთა დაკავება და წარდგენილი ბრალდებები მათთვის შეშფოთებას იწვევს. ამ კონტექსტში, ასამბლეის პრეზიდენტმა თანამომხსენებლებთან კონსულტაციით, 2024 წლის 23 დეკემბერს ვენეციის კომისიის სასწრაფო შეფასება ითხოვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების კუთხით.

მსგავსი თემები