,,ფქვილზე საიმპორტო გადასახადი თუ მოიხსნება, წისქვილკომბინატები გაჩერდება” – ლევან სილაგავა ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,ფქვილზე საიმპორტო გადასახადი თუ მოიხსნება, წისქვილკომბინატები გაჩერდება”, – ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ ,,მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან, ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ დაწესდა ფქვილზე საიმპორტო გადასახადი.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არის ინფლაცია და ასე თუ ისე, ყველა პროდუქციაზე ფასი იზრდება. პური არის სენსიტიური თემა და სახელმწიფოს მუდმივი ზრუნვისა და მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს.

,,პრობლემა არის ის, რომ რეალურად, მსოფლიოს მასშტაბით ხორბალსა და ფქვილზე ფასები გაზრდილია. საიმპორტო გადასახადის მოხსნა ნიშნავს, რომ წისქვილკომბინატი უნდა გაჩერდეს და სეზონზე ხორბალი ვერ ჩაიბაროს წისქვილკომბინატებმა. ანუ, 2 დარგს პრობლემა ექნება. შესაბამისად, საჭიროა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, სადაც სამივე დარგის ინტერესი გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა სილაგავამ ,,მედიაცენტრ მთავართან”

მისი თქმით, ამ გადასახადის შემოღების შემდეგ ქვეყანაში აკუმულირებულია 50 მილიონი ლარი, რაც ადრე არ არსებობდა.

„როდესაც შემოდის ფქვილი, ქატო და ასე შემდეგ, მას ამ გადასახადის შედეგად გარკვეულწილად ბიუჯეტში შეაქვს თანხა. ამ გადასახადებით 1.5 წლის განმავლობაში დღეს დაგროვილია 50 მლნ ლარი. ეს არის მოსაკრებლის ფული. ამ ე.წ. სტაბილიზაციის ფონდიდან 50 მლნ-ს გამოყენება შეიძლება იმისთვის, რომ პურზე ფასი დასტაბილურდეს”, – აღნიშნა ლევან სილაგავამ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ დაწესდა ფქვილზე საიმპორტო გადასახადი.

„ეს გადასახადი შემოვიდა იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის მხრიდან კონკურენციის პირობები დაირღვა ხორბალზე და მის საპირწონედ შემოვიდა ეს გადასახადი იმისთვის, რომ ბაზარზე კონკურენციის პირობები დაბრუნებულიყო. ამან ბუნებრივად მოიტანა ის, რომ ემუშავა როგორც წისქვილებს, ისე მეხორბლეებს და პურის ქარხნებს.

ეს იყო ბაზარზე კონკურენციის სწორი პირობების დაბრუნება, რამაც სამივე დარგის მუშაობა მოიტანა. დღესაც ეს კონკურენციის პირობები შენარჩუნებულია და მუშაობს როგორც ხორბლის წარმოება, ასევე წისქვილკომბინატები და პურის წარმოება. ფასთან მიმართებით კი გარკვეული გამოწვევებია“, – განაცხადა ლევან სილაგავამ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

მისივე თქმით, ქვეყანაში ხორბლის მარაგები არის, არა პურის ქარხნებში, არამედ წისქვილკომბინატებში და ფერმერულ მეურნეობებში.

,,ეს ორი დარგი ქმნის მარაგებს. სამწუხაროდ, პურის ქარხნები მარაგებს ვერ ქმნიან, რადგან არც ინფრასტრუქტურულად არის ეს მოწყობილი და არც ადგილი აქვთ იმისათვის, რომ მათ ეს მარაგები შექმნას. ამიტომ წისქვილკომბინატი, რომ გაჩერდეს და ხორბლის ჩაბარება ვერ მოხდეს, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მარაგებთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნება”, – ამბობს ლევან სილაგავა ,,მედიაცენტრ მთავართან”.

,,ფქვილის ფასი გაიზარდა, შესაძლებელია პურის ფასმა 10-15 თეთრით მოიმატოს” – მალხაზ დოლიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები