,,საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის” თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფქვილის ფასი გაიზარდა და შესაძლებელია პურის ფასმა 10-15 თეთრით მოიმატოს.
მისი თქმით, მეპურეები ფქვილზე იმპორტის გადასახადის მოხსნას მოითხოვენ. ეს კი მათ საშუალებას მისცემს, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს.
,,მეპურეები ვითხოვთ, რომ ფქვილზე დაწესებული დროებითი გადასახადი შეჩერდეს და პურის მწარმოებლებს საშუალება ჰქონდეთ, რომ პურის ფასი შენარჩუნდეს. საიმპორტო გადასახადი თუ მოიხსნება, პურის ფასიც არ გაიზრდება. ეს იქნება იმის საშუალება, რომ ჩვენ ხელმისაწვდომობა გვქონდეს ფქვილზე, რითაც შესაძლებელია ფასი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა დოლიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.
როგორც მან განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ გადასახადი არ მოიხსნება, შესაძლოა, პურის ფასი 10-15 თეთრით გაიზარდოს.
,,ჯერჯერობით, მაღაზიებში პურის ფასი არ შეცვლილა მიუხედავად იმისა, რომ ფქვილზე ფასებმა მოიმატა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს შევინარჩუნოთ. მოლოდინის რეჟიმში ვართ. ალბათ, სამინისტროსთან კომუნიკაცია შედგება, რომელსაც ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს და ალბათ, დასკვნებს გამოვიტანთ იმიტომ, რომ აქ არის როგორც მეხორბლეთა, ასევე, ფქვილის მწარმოებელთა და მცხობელების ინტერესები“, – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.
მისივე თქმით, პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება 52 ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა, დღეს 53 და 54 ლარი ღირს.
,,50 კილოგრამიანი, პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება 52 ლარზე უნდა შენარჩუნებული. დღეს 53-54 ლარია. თუ დავამატებთ სატრანსპორტო გადასახადს გამოდის 55 ლარი”, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში 3 თვიანი მარაგები რამდენიმე წელია არსებობს. იმ მხრივ, რომ მოსახლეობას რამე დისკომფორტი შეექმნას, ან პურის დეფიციტი გაჩნდეს გამორიცხულია.