“ლავროვი იტყვის, მაკრონი თუ ტრამპი, სტაბილურობა რომ გვჭირდება, ეს ფაქტია” – მირიან წიკლაური ლავროვის განცხადებაზე

კრემლის განცხადებას, გარკვეული პირობით, საქართველოში ფრენის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ლავროვის პირობების გარეშე, ისედაც ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება.

როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სტაბილურობაზე რუსეთი ისაუბრებს თუ ტრამპი, არანაირი მნიშვნელობა აქვს, მთავარა, რომ ეს ქვეყანას სჭირდება.

“სხვადასხვა დროს, კრემლი სხვადასხვა პირობებს აყენებდა, აყენებს და დააყენებს მომავალშიც. არის ასეთი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი ჰქვია, რომლის ხელისუფლებაც კრემლში არის და იქიდან ათასნაირი პირობები და მოთხოვნები მოდის. ხშირ შემთხვევაში, დაპირებებიც მოდის. პირადად, რუსეთის არც დაპირებებს ვენდობი და არც პირობებს. ცხადია, რუსეთი იტყვის თუ არ იტყვის ამას, სტაბილური გარემო ყველა ქვეყნისათვის სასარგებლოა. ლავროვი იტყვის ამას, მაკრონი, თუ ტრამპი, ყველას ნათქვამი იქნება სწორი. იმიტომ, რომ ეს ასეა. სტაბილური გარემო ყველა ქვეყნისთვის სასარგებლოა” – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში”.

დეპუტატის შეფასებით, სტაბილურობა საქართველოსთვის განსაკუთრებთ მნშვნელოვანია იმიტომაც, რომ იქ, სადაც სტაბილური ვითარება არ არის, ტურისტებიც არ ჩადიან.

“სტაბილურობა საქართველოსთვის განსაკუთრებით სასარგებლოა იმიტომ, რომ ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი საქართველოში, ტურიზმზე არის დამოკიდებული. ტურიზმი სწრაფად რეაგირებს არასტაბილურ გარემოზე. ჩვენ არ გვაქვს პირამიდები რომ მთელი მსოფლიო დაიძრას და პირამიდების საყურებლად ჩამოვიდეს აქ. ჩვენ გვაქვს მთა, ულამაზესი ბუნება, მაგრამ შეუცვლელი ნამდვილად არ გვაქვს. ამის ნახვა შეიძლება სხვაგანაც. ყველაზე უკეთესი გვაქვს, მაგრამ მსგავსის ნახვა სხვაგანაც შეიძლება. ამიტომ, ტურისტი სხვაგან დასვენებას არჩევს, თუ აქ სტაბილური არ იქნება მდგომარეობა. საქართველოს ხელისუფლების პასუხი ლავროვის განცხადებაზე კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს ქვეყნის დასტაბილურებაზე”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეში ჩარევას არ აპირებს. მისი თქმით, ქართველ პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი, ცდილობს საქართველოში რუსოფობიური განწყობის გაძლიერებას. ლავროვმა აღნიშნა, რომ ასეთი პირები არ ფიქრობენ თავიანთი ხალხის კეთილდღეობაზე, რაც დიდწილად რუსეთთან ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების ხარისხზეა დამოკიდებული.

მსგავსი თემები