როგორია სიმპტომები და როდის არის აუცილებელი მივმართოთ კლინიკას – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში” განმარტავს, თუ რა სიმპტომები ახასიათებს გრიპის ვირუსს, რამდენად მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა და როდის უნდა მიაქციოს მშობელმა ბავშვს განსაკუთრებული ყურადღება.

,,გრიპისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, თავის, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. ასევე, ხველა, საერთო სისუსტე და უმადობა. ყველაფერი ეს მდგომარეობის სიმძიმის მიმანიშნებელია. ყველა ის ვირუსი, რომელიც ფიქსირდება გრიპის ვირუსთან ერთად და ამ ვირუსების რიცხვი საკმაოდ მაღალია, მათი მიმდინარეობა არ არის ასეთი მძიმე.

2 წლამდე ასაკის ბავშვები არის ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი და აქ, რა თქმა უნდა, უმჯობესია პირველივე დღიდან იყოს პედიატრი ან ოჯახის ექიმი ჩართული ბავშვის მართვაში, ვინაიდან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროულ ჰოსპიტალიზაციას. ასევე, ძალიან მიშვნელოვანია დროული ანტივირუსული მკურნალობის დაწყება, რაც უნდა გადაწყვიტოს ექიმმა”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

როგორც მან აღნიშნა, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, ნოემბრის პირველი ნახევრიდან დაწყებული ვაქცინაციის ჩატარება არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრევენციული ღონისძიება.

,,ყველა ის ბავშვი, ვისაც არ აქვს ვაქცინაცია ჩატარებული, გვრჩება სტანდარტული რეკომენდაციები: ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, ოთახების ხშირი განიავება და რაც მთავარია, კონტაქტების თავიდან აცილება. ამ პერიოდში განსაკუთრებით, იანვრის თვეში მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ დახურულ სივრცეში ბავშვის გაყვანას.

ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრების სოციალურ პასუხისმგებლობას. თუ თქვენს შვილს თუნდაც, ცხვირიდან გამონადენი აქვს, ან აცემინებს სჯობს, რომ იყოს სახლში. ვინაიდან ის სხვა ბავშვებისთვის წარმოადგენს საფრთხეს”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

,,გრიპის შემთხვევები ყოველკვირეულად მატულობს” – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები