,,თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო სამი კვირის მონაცემებს, ნათლად ჩანს, რომ ყოველკვირეულად გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მატულობს”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.
,,კალენდარული წლის 50-ე კვირას, ანუ დეკემბრის მეორე კვირას, გრიპის საერთო მაჩვენებელი იყო 25 პროცენტი, შესაბამისად საქართველოში გვაქვს გრიპის შემთხვევების ყოველკვირეული მატება და მოლოდინი, რომ ეს მატება გაგრძელდება შემდეგი კვირების განმავლობაშიც და, ალბათ, იანვარში მიაღწევს პიკს. ეს სტატისტიკა წლების მიხედვით არ იცვლება, თუ არ ჩავთვლით პანდემიის პერიოდს. სწორედ, დეკემბერ-იანვარია გრიპის შემთხვევის მატების მაქსიმალური პერიოდი”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.
მისი თქმით, გრიპი და გრიპისმაგვარი შემთხვევების რაოდენობა ჯამში 2024-2025 წლის სეზონზე თითქმის იგივეა, რაც იყო შარშან და ორჯერ ნაკლები 2022-2023 წლებთან შედარებით.
,,ახლა 100 000 მოსახლეზე 160 შემთხვევა ფიქსირდება, ორი წლის წინ კი 320-330 შემთხვევა ფიქსირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მხრივ ნათლად ჩანს გრიპის შემთხვევების მატება, ეს მატება არ არის ისეთი, როგორიც იყო ორი წლის წინ და პრაქტიკულად, უცვლელია შარშანდელ პერიოდთან შედარებით. ამიტომ, გრიპის შემთხვევების მატება სტაბილურია. თუმცა, გრიპს გააჩნია გართულებების გამოწვევის უფრო მაღალი რისკი და სტაციონალური მაღალი მომართვიანობაც სწორედ გრიპის შემთხვევების მატებითაა გამოწვეული. განსაკუთრებით ეს ეხება ფილტვების ანთებას.
მარტო იაშვილის კლინიკაში დეკემბრის განმავლობაში 36 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა ვირუსული პნევმონიის, რაც დიდი ციფრია და ნათლად მიუთითებს, რომ ბავშვებში სწორედ გრიპი გახლავთ ის ვირუსი, რომელმაც შეიძლება ჰოსპიტალიზაცია გამოიწვიოს”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”
როგორც მან აღნიშნა, არცერთი ამ პაციენტებიდან არ იყო ვაქცინირებული.
,,გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ჩვენ მუდამ ვლაპარაკობთ, დეკემბერშიც გვქონდა ამის შესახებ საუბარი. ჯერ კიდევ იყო დრო ვაქცინაციის ჩატარების, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ გახდა ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიცია, დაავადებათა პრევენციის ერთ-ერთ ნაწილი. ძალიან ბევრი მშობელი ახლა აკეთებს აქცენტს, რომ კარგი იქნებოდა გაეკეთებინათ ვაქცინა და მართლაც ასეა, როდესაც ამჩნევთ, რომ ფილტვების ანთების ყველა შემთხვევა ემართება არავაქცინირებულ პაციენტს, ნათელია, რომ ვაქცინას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვებში”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.
მისი თქმით, იაშვილის კლინიკაში მიმართვიანობა გაზრდილია და ძირითადად ესენი არაინ 5 წლამდე ასაკის ბავშვები. თუმცა, მისივე თქმით, კლინიკაში ადგილების დეფიციტი არ არის.
,,იაშვილი ერთადერთი საავადმყოფოა საქართველოში, რომელსაც აქვს რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი. ეს არის განყოფილება, რომელიც იღებს იმ პაციენტებს, რომლებსაც მწვავე და ქრონიკული სასუნთქი დაავადებები აქვთ. ის 25 საწოლი, რაც ამ დეპარტამენტისთვისაა გამოყოფილი საკმარისი არ არის, ამიტომ გამოვათავისუფლეთ მეორე დეპარტამენტიც და ახლა იაშვილში ორი დეპარტამენტი ემსახურება პაციენტებს. ადგილების დეფიციტი არ იქმნება და ასევე, მზად ვართ, თუ მომდევნო კვირებში უფრო მატება იქნება კიდევ ერთი დეპარტამენტი გამოვათავისუფლოთ”, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.