საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანის დაღუპვის გამო. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
„სამწუხაროდ, ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას საქართველოს არაერთი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთარსებული მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.