პენსიონერები, შშმ პირები და სხვა ჯგუფები 35 დასახელების მედიკამენტს ერთ ლარად შეიძენენ

“ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, არსებული დიფერენცირება მოიხსნება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და სხვა ჯგუფებს მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა შეეძლებათ”, – ამის  შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე.

„რამდენჯერმე ვახსენე, რომ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ე.წ. ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის არის ძალიან მაღალი და აქტიურად ვმუშაობდით, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა.

დღეს მთავრობაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება და დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება, სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს – პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად. საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომელიც ძირითადად მოიხმარება ექვსი ქრონიკული დაავადებისას, მათ შორის გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, დიაბეტის, ეპილეფსიის, პარკინსონის დაავადებები“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, მუშაობა გაგრძელდება, რომ მედიკამენტებისთვის ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხები მინიმუმამდე დაიყვანონ.

„საზოგადოებას ვპირდები, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი შეჭირვებული მოქალაქეებისთვის ჯიბიდან გადახდილი თანხები მედიკამენტებისთვის იყოს მინიმალური“ – განაცხდა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები