კულტურა; ხელოვნება; თანამედროვე ტექნოლოგიების ინდუსტრია; თეატრი; ოპერა; მედიცინა; ძველი ქარხნების ნანგრევები გადაკეთებული მოდერნიზებულ სივრცეებად; კულტურის, მედიცინის, ფილოსოფიისა და საბრძოლო ხელოვნების ერთიანობა – ტაიჯი – რომელი ერთი ჩამოვთვალო, ეს და სხვა უამრავი, სანახავი აქ მართლაც ბევრია და ეს თანამედროვე ჩინეთია.
დიახ, თანამედროვე ჩინეთზე მოგიყვებით, საიდანაც, 600-ზე მეტი რეპორტაჟი მოვამზადე. ახლა კი შევეცდები, შეძლებისდაგვარად ერთად მოვუყარო თავი ამ ყველაფერს, დავურთო ჩემს მიერ მომზადებული ბმულებიც და გამოგზაუროთ ზღვა შესაძლებლობებისა და უძველესი ცივილიზაციის სამყაროში – სახელად ჩინეთი.
უსაფრთხო ქვეყანა – პირველი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს სწორედ უსაფრთხოება და დაცულობაა, რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა. აქ არ მოგატყუებენ, მაღაზიაში ფულს არ დაგაკლებენ, არ მოგპარავენ. მეტროშიც შეგიძლია თავისუფლად იარო და ქუჩაშიც, ჩანთას არავინ გაგიხსნის. თუ სადმე რამე დაგრჩება, ისევ იქ დაგხვდება, ან შეგინახავენ. ქუჩაში თითქმის ყველა ნაბიჯზე შეხვდებით შეფუთულ ყუთებს, ამანათებს, საჩუქრებს. ასე „ყრია“ ქუჩაში. აზრად არავის მოუვა, რომ სხვისი ამანათი წაიღოს. მხოლოდ და მხოლოდ შენს კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული როგორ მოიქცევი. მეტროშიც და ავტობუსშიც შეგიძლია თავისუფლად გადაადგილდე და შიში არ გქონდეს, რომ ვინმე რამეს მოგპარავს (https://mcm.ge/198919/)
ტრანსპორტი – ჩინეთის ცნობილია მოწესრიგებული დ კომფურტული როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა ტრანსპორტით. დავიწყებ მეტროთი – მეტროსადგურები ვიზუალურად იმდენად თანამედროვეა, მუზეუმში გეგონება თავი. ყველა სადგური ერთმანეთისგან განსხვავდება თავისი მოხატულობით, არქიტექტურითა თუ თანამედროვე დიზაინით. რაც შეეხება კომფორტულობას, გადაადგილება ძალიან ოპერატიული და კომფორტულია.
დილით და საღამოს, სამუშაო საათის დასრულების შემდეგ, მეტროში ხალხმრავლობაა. მიუხედავად ამისა, არავინ ცდილობს სხვას გადაასწროს და მეტროს ვაგონში შევარდეს. პირიქით, თავად ქმნიან რიგს, იცავენ წესრიგს და მწკრივში მიყვებიან ერთმანეთს. ვერ ნახავთ ადამიანს, ვინც ცდილობს, რომ წინ წავიდეს და ვაგონში პირველი შევარდეს. ამ მხრივ სრული წესრიგია, რასაც ვიდეობმულშიც ნახავთ და ესეც თვითშეგნების ერთ-ერთი მაგალითია.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, რაც საქართველოში სერიოზული პრობლემაა, რადგანაც მეტროს ბაქანი ღიაა და არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ბაქანში ადამიანი ჩავარდა. თუ რამე გვაქვს გადმოსაღები ჩინეთიდან, სწორედ ამაზე უნდა ვიფიქროთ. როგორც ვიდეორეპორტაჟში ნახავთ, მეტროს ბაქანი სპეციალური გამჭვირვალე შუშითაა დახურული. როცა მატარებელი ჩამოდგება, სანამ არ გაჩერდება შუშის ბარიერი არ გაიხსნება. საუბარია ორმაგ ბარიერზე. ანალოგიური სურათია მეტროს ვაგონიდან გამოსვლისას. ჯერ მატარებელი ჩერდება, შემდეგ იხსნება მეტროს კარი და გარე ბარიერიც. რაც იმას ნიშნავს, რომ აქ სრულად ხარ დაცული. (https://mcm.ge/198679/; https://mcm.ge/198667/; https://mcm.ge/206484/)
ჩინეთში ერთ-ერთ სახალხო ტრანსპორტად ითვლება ველოსიპედი და მოპედი. თავიდან რთულად მოგეჩვენებათ ამხელა ტრასებზე, საიდანაც ყველა მიმართულებით ტრანსპორტი მოძრაობს, როგორ უნდა იმოძრაოთ ველოსიპედით, თუმცა ყველაფერი მიჩვევაა.
ფასიც საკმაოდ მისაღებია. უხმოდ დასრიალებენ ელექტროსკუტერითაც. ველოსიპედით ვის არ ნახავთ – ჰალსტუხიანებს, გამოპრანჭულებს, ოჯახებს. განსაკუთრებით კი დილით და საღამოს სამსახურის შემდეგ. ამ პერიოდში, შეიძლება თავისუფალი ველოსიპედი ვერც კი ნახოთ.
პეკინი – სუფთა, კომფორტული, ტურისტული, სავაჭრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ქალაქია. ქალაქი სადაც ყველაფერი მორგებულია ადამიანზე – ტრანსპორტი, ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, სკვერები. აქ ზამთარში სეირნობაც კი სასიამოვნოა. ჰაერი სუფთაა, რადგანაც პრიორიტეტი ელექტრო მანქანებია. ვიდეორეპორტაჟებში (ბმულები) კარგად ჩანს, როგორ ხდება ველოსიპედით მგზავრობა და თანხის გადახდა. ერთი პატარა ისტორიასაც გავიხსენებ, რომელიც ადგილობრივების სიკეთეზე მიუთითებს. როცა ველოსიპედით სარგებლობა მინდოდა, თანხა ვერ გადავიხადე და ერთ-ერთ გამვლელს ვთხოვე დახმარება. მან თავისი ბარათი მიადო ველოსიპედს, მოხსნა ბლოკი და მითხრა: „შეგიძლია იმგზავრო“. მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე მქონდა. ძალიან კეთილები არიან და ამაზე ცალკეც მოგიყვებით (https://mcm.ge/205016/; https://mcm.ge/198947/; https://mcm.ge/216735/).
პროდუქტები და ფასები – ჩინეთში პროდუქტების ფასები ძალიან ხელმისაწვდომია. გარდა ფასებისა, კომფორტულია სავაჭრო სივრცეებიც, სადაც ყველანაირი პროდუქტის ყიდვა შეგიძლიათ. რამდენიმე პროდუქტის ფასს ჩამოგითვლით, დაახლოებითი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, დეტალურად კი შეგიძლიათ ვიდეორეპორტაჟს (ბმული) გაეცნოთ.
მაგალითად, მწყრის კვერცხი – ნახევარი კილო დაახლოებით 3 ლარი; ზეითუნის ზეთი, 5 ლიტრი დაახლოებით 25 ლარი; მაკარონი, 1 კილო – დაახლოებით 3 ლარი; ვაშლი – დაახლოებით 1 დოლარი; „დრაკონის ხილი“ – 1 დოლარი; მანგო- 6 ცალი 2 დოლარი; ხორცი – ნახევარი კილო დაახლოებით 3 დოლარი; კარტოფილი – 1 კილო 0.50 დოლარი. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ჩინურ მარკეტებში ვადაგასულ ან გაფუჭებულ პროდუქტს არ მოგყიდიან. სალაროსთან იოგურტი არ გამომატანეს იმ მიზეზით და სწორედ ყიდვის დღეს ვადა უმთავრდებოდა (https://mcm.ge/223877/; https://mcm.ge/198365/; https://mcm.ge/223922/).
როგორ იწყებენ დილას – აქ ყოველი დილა მხიარული განწყობით, პოზიტივით, სიყვარულითა და ხალისით იწყება. დილის 07:00 საათიდან სავსეა პარკები, სკვერები, ქუჩები ხალხით. პარკებსა და სკვერებში ყველანაირი კომფორტია შექმნილი, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ, გაერთოთ, ივარჯიშოთ, იცეკვოთ და პოზიტიურად დაიწყოთ დღე ადგილობრივებთან ერთდ.
აქ უყვართ ყოველი დღე, ერთმანეთის ნახვა, მზის ამოსვლა, მცენარეები, ჩიტების ჭიკჭიკი. აქ ყველა ბედნიერია. განა პრობლემები და სადარდებელი არ აქვთ… ერთმანეთს მხოლოდ პოზიტივს უზიარებენ. ბევრს არ გავაგრძელებ, ერთად ვნახოთ ეს საინტერესო, ადამიანური ვიდეორეპორტაჟი და როგორ იწყებენ დილას ჩინეთში (https://mcm.ge/201801/; https://mcm.ge/200524/; https://mcm.ge/239444/).
განვითარებული პროვინციები – ჩინეთის დიდი ქალაქების შესახებ, ასე თუ ისე, ინფორმაცია მეტნაკლებად ხელმისაწვდომია, ამიტომ გამოგზაურებთ პროვინციებში, რომ თავად დარწმუნდეთ, რომ პროვინციები დიდი ქალაქების პროპორციულად ვითარდება და სამოგზაუროდაც საინტერესოა.
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა – პროვინციები განვითარებით, ტექნოლოგიებით, თანამედროვეობით, შესაძლებლობებით, ინფრასტრუქტურითა თუ სხვა მხრივ, თითქმის არაფრით ჩამორჩება დიდ ქალაქებს. თანაბარი განვითარება – ცენტრი თუ პერიფერია, შესაძლებლობები თანაბარია. ერთ-ერთია, იუნნანის პროვინცია, რომელიც ეთნიკური მრავალფეროვნებითა და ეთნიკური ჯგუფებითაც გამორჩეულია.
იუნნანი არის პროვინცია სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში. იუნნანის პროვინცია ითარგმნება როგორც “ღრუბლების სამხრეთი ქვეყანა” და ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე ფერად რეგიონად ითვლება. ეს არის რეგიონი, რომელიც აერთიანებს მთებს, მდინარეებს, ტბებს, ასობით ტაძარს, მრავალ ისტორიულ და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობას.
ქალაქ ქუნმინგში, იუნნანის პროვინციის თანამედროვე დედაქალაქში 25 ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. მათ განსხვავებული კულტურა, ტრადიციები, სამზარეულო, სამოსი თუ მუსიკა გააჩნიათ. ეთნიკური ჯგუფები შერეულად ცხოვრობენ და ჰარმონიული თანაცხორება გააჩნიათ.
აქ უნიკალურ, ეთნოგრაფიულ სოფელსაც კი ნახავთ, რომელიც წარმოაჩენს პროვინციაში 25 ეთნიკური ჯგუფის თანაარსებობას. ფოლკლორი, კულტურა, ხელოვნება და არქიტექტურა და სხვა ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული.
უნიკალურია ქალაქი ლიძიანგიც, რომელიც იუნნანის პროვინციას მიეკუთვნება. ჩანჩქერები, კამკამა წყალი, ფირუზისფერი მდინარე, თოვლიანი მწვერვალები, რას არ ნახავთ აქ. იზრდება 18 ათასზე მეტი სახეობის სხვადასხვა მცენარე, რომელიც ცნობილია ისეთი ისტორიული სახელებით, როგორიცაა „ვეფხვის ნახტომი“, „თიხის ტყე“, „ლომის მთა“, „შავი დრაკონის აუზი“, მძინარე მზეთუნახავის მთა და სხვა. ლიძიანგის ძველი ქალაქი უნიკალურია თავისი ისტორიით. ის შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.
ეს არის ერთადერთი ძველი ქალაქი ჩინეთის ყველა ცნობილ ისტორიულ და კულტურულ ქალაქს შორის, ქალაქის კედლის გარეშე და მას 800 წლიანი ისტორია გააჩნია. უფრო მეტს, იუნნანის პროვინციის შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს მიერ მომზადებულ რეპორტაჟებში:
https://mcm.ge/210954/; https://mcm.ge/210875/; – https://mcm.ge/210600/; https://mcm.ge/235277/; https://mcm.ge/234770/; https://mcm.ge/211522/; https://mcm.ge/250963/; https://mcm.ge/264235/; https://mcm.ge/210562/; https://mcm.ge/212537/; https://mcm.ge/211878/; https://mcm.ge/250963/ –
კიდევ ერთი პროვინცია, უფრო სწორედ, ავტონომიური რეგიონი, რომელიც უნიკალურობით გამოირჩევა, არის კუანკსი. მაგალითად, პეიხაიში, კულტურულ მუზეუმში მოგზაურობით ნამდვილად „კულტურულ შოკს“ მიიღებთ. აქ წარმოდგენილია 5200-ზე მეტი კულტურული რელიკვია. თემატიკა კი უძველეს საზღვაო აბრეშუმის გზას ასახავს. ეს იმიტომ, რომ პეიხაია ჩინეთის უძველესი საზღვაო აბრეშუმის გზის საწყისი წერტილია.
რა გაგაოცებთ? სიმწვანე, პეიზაჟები, საზღვაო ინფრასტრუქტურის თუ გემების „ნარჩენები“ რომლებიც ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან. და რაც მთავარია, სიძველე ისეა შერწყმული თანამედროვეობასთან, სამოთხეში წარმოგიდგენია თავი.
ის აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ქალაქი, ეროვნული ისტორიული და კულტურული ქალაქი, ეროვნული ბაღის ქალაქი, საცხოვრებლად 10 საუკეთესო ქალაქი, ზამთრის კურორტი, ეროვნული დღეგრძელობის ქალაქი და ეროვნული საპილოტე ქალაქი სხვადასხვა კულტურისთვის.
ლიოუწოუში კი ინდუსტრიული, ისტორიის მუზეუმი უნდა ნახოთ, სადაც თითქმის 2000 ცალი დიდი, საშუალო და მცირე სამრეწველო აღჭურვილობა და პროდუქტია წარმოდგენილი. ექსპონატები მოიცავს ფაიფურის ჭიქებს, მაღვიძარებს, მანქანებს, ვერტმფრენებს, საბეჭდ მანქანებს, პირველ რკინიგზას, ლიანდაგებს, ტრაქტორებს, ჩარხებს და სხვა უმრავ ექსპონატს, რომლებიც წარმოადგენენ ლიუწოუს ინდუსტრიულ განვითარებას სხვადასხვა ეტაპებზე (https://mcm.ge/224483/; https://mcm.ge/226141/; https://mcm.ge/224483/).
ფერმერების წარმოდგენა – ამდენი სასწაული სანახაობის შემდეგ, რაც ჩინეთის დიდ ქალაქებსა და პროვინციებში ვნახე, არც მეგონა თუ კიდევ რამე გამაოცებდა. ჩემს მეხსიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა სოფელმა იუხუმ, სადაც წარმოუდგენელ შოუს დავესწარი. ბევრი ტიროდა, მათ შორის მეც, ეს იყო სიყვარულის, მეგობრობის, სიხარულის ცრემლები და განცდა, რა შეუძლია ერთიანობასა და საერთოს სურვილს.
ამ სოფელში, სასწაული სანახაობა 500 ფერმერის მონაწილეობით შედგა, დიახ, რიგითი ფერმერების მონაწილეობით, რომლებსაც არც მუსიკალური განათლება გააჩნიათ, არც ხელოვანები არიან, არც მოცეკვავეები, თუმცა ქმნიან ისეთ სანახაობას, რომელიც დედამიწას აზანზარებს. ეს არც ფილმებში გექნებათ ნანახი, არც გაგონილი და მით უმეტეს, არც წაკითხული.
გრანდიოზული მუსიკალური წარმოდგენა ღია, კოლიზეუმის სტილის თეატრში იმართება და მასში 500 ადგილობრივი ფერმერი მონაწილეობს 10 ეთნიკური ჯგუფიდან. ისინი 16 ახლომდებარე სოფელს წარმოადგენენ. ეს 60 წუთიანი შოუ ზღვის დონიდნ 3100 მეტრ სიმაღლეზე იმართება და აუცილებად უნდა ნახოთ, რომ ჩინური კულტურის კიდევ ერთი სასწაულის მნახველი გახდეთ. ღია სივრცეში, სადაც უზარმაზარ დათოვლილ მთებს უყურებ, თითქოს ცას მისწვდები ისეთ სიმაღლეზე ხარ და თან გუგუნებს სცენა. მუსიკალურად და მხატვრულად შენს თვალწის ცოცხლდება მათი ცხოვრების ისტორია, ოჯახური ტრადიციები, კულტურა, მოსავლის აღების სცენა, სიყვარულის ისტორია, დაქორწილების სცენა – ყველაფერს ერთად ისე ლამაზად, გულით და მუსიკალურად გადმოსცემენ, მოდის ცრემლები და ყველას სახეზე ცრემლებია. ეს ნამდვილად უნდა ნახოთ (https://mcm.ge/212413/; https://mcm.ge/212283/).
ფორტეპიანოს მუზეუმი – ჩინეთში არაერთ საოცრებას აღმოაჩენთ, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოში პირველია. სწორედ ამ კატეგორიაში გადის მუზეუმი საუკუნოვანი რელიკვიით. Gulangyu – კუნძული ჩინეთში, კერძოდ კი სიემენში მდებარეობს, რომელსაც „ფორტეპიანოს კუნძულს“ უწოდებენ. რას არ ნახავთ აქ. მაგალითად, აქ პირველად დავუკარი პიანინოზე ისე, რომ ხელის მოძრაობა და თითები არ დამჭირვებია. სწორედ ამ უნიკალურ მუზეუმშია დაცული პიანინო, რომელზეც ფეხით უკრავ.
აქვეა პიანინო, რომელზეც თავად შოპენი უკრავდა; 150 წლის კუთხის პიანინო; მინიატურული, ყველაზე მცირე მოცულობის პიანინო, რომელიც 1800 წელს არის დამზადებული; ქუჩის – გადასატანი პიანინო; 8 პედლიანი პიანინო, რომელზეც რამდენიმე ადამიანი ერთად უკრავს; არისტოკრატების უნივერსალური პიანინო, რომელსაც თითებით დაკვრა არ სჭირდება და მხოლოდ ფეხების პედლებზე მოძრაობით თავად უკრავს – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ექსპონანტებისა, რომელიც აქ, ამ უნიკალურ კუნძულზე, უნიკალურ მუზეუმშია დაცული და რომელსაც ფორტეპიანოს მუზეუმი ჰქვია (https://mcm.ge/201611/).
სამზარეულო – რას ჭამ ჩინეთში? რა უნდა ვჭამო ჩინეთში? მუხლუხოები, ბაყაყები, კუ? – ეს ის კითხვებია, რომელსაც ხშირად მისვამენ. თავიდან მეც ამ კატეგორიაში გავდიოდი, თუმცა, ჩინური სამზარეულოს მრავალფეროვნება ისევე ამოუწურავია როგორც კულტურა, ხელოვნება თუ სხვა მიმართულებები.
ჩინური სამზარეულო და ჩინურ სუფრა მხოლოდ კერძებისგან არ შედგება. ის კულტურისა და ხელოვნების ნაწილია. აქ, სუფრის გაშლის პარალელურად, კერძებით, რომელიც ხელოვნების ნიმუშად ითვლება, ადგილობრივ სამზარეულოს გაცნობენ. სუფრა იმდენად გემოვნებიანად და ლამაზად არის გაფორმებული, დაგენანება, ხელი მოკიდო და ეს სილამაზე დაშალო.
პროვინციების მიხედვით, სამზარეულოც მრავალფეროვანი და განსხვავებულია, თუმცა, ჩემს ფაროვორიტ კერძად ისევ და ისევ პეკინური იხვი რჩება (https://mcm.ge/251571/; https://mcm.ge/225149/; https://mcm.ge/206725/; https://mcm.ge/207372/; https://mcm.ge/210419/; https://mcm.ge/262187/).
თონე ჩინელებსაც ჰქონიათ – ჩინელბსა და ქართველებს შორის რომ არაერთი მსგავსებაა, ამაზე არერთი ჩემი რეპორტაჟი მიუთითებს, თუმცა, ჩინეთში თუ თონეს აღმოვჩენდი ვერ წარმომედგინა.
ნაანის მუზეუმი სწორედ ის ადგილია, სადაც საქართველოსა და ჩინეთის მსგავსებას აღმოაჩენთ. არც მეტი, არც ნაკლები, თონე ჩინელებსაც სცოდნიათ, სადაც შუა ცეცხლის ირგვლივ უამრავი სახეობის ნაანი ცხვება. რა არის ნაანი და როორია ჩინელების თონე დეტალურად ბლულზე: https://mcm.ge/258758/
ეკოლოგია, სიმწვანე და ბუნება რომ აქ პრიორიტეტია, ყველგან იგრძნობა. ჩინეთი ამ მხრივაც უნიკალურია. ეს არის სიმწვანეში ჩაფლული ქვეყანა, სამოთხე. ბუნების საოცრებებს ნახავთ აქ. ბუნებას ისე უფრთხილდებიან, ზედმეტად ხელს არ ახლებენ. სიძველეს, არსებულს, გამხმარ ტოტებსაც კი ისე უვლიან და ინარჩუნებენ, სწორედ მსგავსი დეტალებით ქმნიან ტურისტებისთვის მიმზიდველ წალკოტს.
თუ კრუიზი, მთები, მდინარეები, ჩანჩქერები გიზიდავთ, 83 კილომეტრიანი კრუიზი მდინარე ლიძიანგზე, თქვნთვისაა. მდინარე ლიძიანგი ქალაქ კუილინგთან მდებარეობს. ეს არის 83 კილომეტრიანი მდინარე, რომელიც სავსეა კრისტალურად სუფთა წყლით, მწვანე მთებით, სასოფლო-სამეურნეო მიწებით, „მძინარე სოფლებითა“ და რაც ყველაზე მთავარია, ამ ტერიტორიის უნიკალურობას ცამდე აწვდენილი კარსტული წარმონაქმნები ქმნის.
აქ ნახავთ ბუნებრივ საოცრებას, წყაროებს, ჩანჩქერებს, უზარმაზარი ბამბუკის ნავებს, რომელსაც ძირითადად მეთევზეები იყენებენ და ტურისტები ტკბებიან სანახაობით. როგორც ამბობენ, “მდინარე ლიძიანგის ასი კილომეტრი ჰგავს ას კილომეტრიან გალერეას” ( https://mcm.ge/222600/).
საქართველოს მსგავსად, ჩინეთსაც გააჩნია ე.წ. ცხარე პროვინციები. ერთ-ერთი ასეთი პროვინციაა ჩუნგცინგი, თუმცა სიცხარემდე სანამ მივალთ, გეტყვით, რითია უნიკალური ეს ქალაქი. ეს არის 3 000 წლიანი ისტორიის ქალაქი. ბრდღვიალა, ბრჭყვიალა, გგონია რომ ულამაზეს, ენით აუწერელ ნახატს უყურებ. ღამის ჩუნგცინგი ცნობილია მთელს ქვეყანაში და ტურისტების მიზიდულობის ცენტრია.
დგახარ თუენ მუნის ხიდზე, რომლის ქვეშ გემები დაცურავენ, უყურებ ამ ულამაზეს სანახაობას, არქიტექტურის შედევრს და თვალს ვერ აშორებ. ფეხით გადაივლი ტურისტებით გადაჭედილ ხიდს და შედიხარ სწორედ, თითქოს ფერდობზე, ტერასებად გადმოფენილ ამ ხის ულამაზეს „ლაბირინთში“, რომელსაც ფოტოებში ხედავთ. შემიძილია შევადარო ქართულ, ხისგან ხის კოტეჯებს, რომელიც შერწყმულია თანამედროვეობასთან. მიუყვები ვიწრო ქუჩებს, ბილიკებს და მოგზაურობაც იწყება. ჩამწკრივებულია რესტორნები, კაფე-ბარები, გასართობი და დასასვენებელი სივრცეები, ისმის მუსიკა, იყიდება ტრადიციული სუვენირები, საკვები. ასე თანდათანობით ჩადიხარ სანაპიროზე. ქვევიდან კიდევ უფრო სასწაულ სანახაობას ხედავ – განათებული თუენ მუნის ულამაზესი ხიდი და მნახველებით სავსე გემები.
ჩუნგცინგი გამორჩეულიც ცხარე კერძებით. ამას მარტივადაც მიხვდებით, როდესაც მასშტაბურ სიმბოლოს, წიწაკის „ძეგლსაც“ კი წააწყდებით (https://mcm.ge/214251/; https://mcm.ge/271178/).
მინდა დავასრულო, თუმცა, არ გამომდის. მოსაყოლი იმდენია, შთაბეჭდილებები უსასრულობამდე გრძელდება. ნამდვილად ასეა, არაერთხელ მომიწია ჩინეთში მოგზაურობა, თუმცა, ის ამოუწურავია. ვისაც ჩინეთისთვის ერთი თვე ძალიან ბევრი გგონიათ, პირადი გამოცდილებით გეტვით, რომ ერთო წელიც კი არ არის საკმარისი, მის გასაცნობად. ძალიან ბევრი დამრჩა სათქმელი თუნდაც ტექნლოგიებზე, იმაზე, რომ ტექნოლოგიურად “ასტრალში” არიან გასულები და ვარსკვლავებს ეთამაშებიან; თუნდაც მედიცინაზე, ჩინურ თერაპიაზე; ოპერაზე…..
ერთსაც ვიტყოდი – რა არის ჩინელების წარმატებისა და აყვავების საიდუმლო? ჩემი დაკვირვებით, ეს არს შრომა, შრომა და შრომა. უფრთხილდებიან და ინარჩუნებენ სიძველეს, ფესვებს, აფასებენ ყველაფერს, რაც აქვთ, ბუჩქს, მცენარეს, თითოეულ დეტალს. აწესრიგებენ, უვლიან, როგორც საკუთარს. დიახ, ასეთია რეალური, განვითარებული და თანამედროვე ჩინეთი.
რა მომცა ჩინეთმა? ის, რომ რადიკალურად შეიცვალა ჩემი წარმოდგენა – აღმოვჩნდი და აღმოვაჩინე ქვეყანა სახელად სამოთხე, რომელიც უკვე ჩემი მეორე სამშობლოა; დავამყარე საქმიანი კავშირები; მყავს უამრავი მეგობარი; ყოველ ჯერზე ახალს ვიძენ, ახალს ვეცნობი, ახალში ვმოგზაურობ; ასევე, ჩინეთმა შემაძენინა არაერთი საერთაშორისო მეგობარი, ჩემი კოლეგები მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნიდან. ისეთი ქვეყნის წარმომადგენლებსაც კი დავუმეგობრდი, რომელთანაც შეხება არასდროს მქონია. ეს მეგობრობა, თანამშრომლობა და საქმიანი კავშირები დღემდე გრძელდება. ისინი ჩამოდიან ჩემთან სტუმრად, მე დავდივარ მათ ქვეყანაში, ვცვლით ინფორმაციას, ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას და ვეცნობით ერთმანეთის კულტურას და ქვეყანას. ერთი სიტყვით, ჩინეთი უნიკალურია. ყველა მსგავსი პროგრამა, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ახორციელებს არის საერთო სარგებლის მომტანი.
P.S. როგორც დასაწყისში ავღნიშნე, 600-ზე მეტი რეპორტაჟი ჩინეთის სხვადასხვა პროვინციიდან არის საგანძური, წარმოდგენა როგორია თანამედროვე ჩინეთი, როგორ მიაღწიეს დღევანდელობამდე, როგორ განავითარეს ტექნოლოგები, ეს არის რეალობა.
რაც შეეხება ხალხს, არ მინდა გამომრჩეს, საოცრად სტუმართმოყვარეები არიან. თუ დახმარება დაგჭირდა, მაგალითად, კონკრეტულ მისამართს ვერ მიაგენი, ბოლომდე წამოგყვებიან, როგორც ჩვენთან იტყვიან, თან გადაგყვებიან. არც პატივისცემა ეშლებათ და არანაკლებ ზრუნავენ შენზე, ვიდრე ქართველები.
სათქმელი ბევრია, მოსაყოლი და სანახავიც უფრო მეტი. მთავარი მოტივაცია კი თქვენ ხართ – ჩემი რეპორტაჟების მკითხველები და მნახველები. „შენთან ერთად ვმოგზაურობთ ჩინეთში…“ „შენთან ერთად ვეცნობით რეალურ ჩინეთს“ – სწორედ თქვენი ეს ეს სიტყვებია მთავარი მოტივაცია, რომელმაც შექმნა ჩემი ჩინური დღიურები თანამედროვე ჩინეთის სახით. რეპორტაჟების სერია ჩინეთიდან შეგიძლიათ იხილოთ „მედიაცენტრი მთავარის“ რუბრიკაში: ამბები ჩინეთიდან. (ქალაქების და დასახელებების სახელები ჩინურად სხვანაირად იწერება და ქართულად სხვანაირად გამოითქმის. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ქალაქების სახელები ზუსტად არ ემთხვეოდეს. იმედს ვიტოვებ, „კრიტიკოსები“ გაგებით მოეკიდებიან).
იმედს ვიტოვებ, მომეცემა შესაძლებლობა, 2025 წელს, ჩინეთში მოგზაურობის ახლი დღიურები გაგიზიაროთ. შემდეგ კი, ეს ყველაფერი წიგნად ავკინძო, სახელად – თანამედროვე ჩინეთი.
ეკა გულუა ჩინეთიდან