ერთი ბილეთის გამოყენება, ყველა ტრანსპორტში შესაძლებელი იქნება

  •  

თბილისის მერია ერთიანი საბილეთო სისტემის შემოღებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც მგზავრობა შესაძლებელი იქნება როგორც ავტობუსით, ასევე მეტროთი და მიკროავტობუსით.

როგორც დღეს, მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსები ცენტრალური უბნებიდან გარეუბნებში გადაინაცვლებს.

„სიმართლესთან ახლო არ არის, რომ მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ გარეუბნებში. მიკროავტობუსები მოვა თანხვედრაში ავტობუსებთან და მეტროსთან. ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი. ჩვენ არასდროს გაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ და გარეუბნებად, ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. იქნება ერთიანი სისტემა, ანუ ერთი აღებული ბილეთით შესაძლებელი იქნება იმგზავრო, როგორც ავტობუსით, მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი. ეს ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთან დაკავშირებით პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და ახლით მათ შეცვლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები