“ქართველ მომლოცველებს აღდგომის ტაძრამდე და ჩიჩხიტურის კოშკამდე მისვლა რამდენიმე დღეში შეეძლებათ” – თეიმურაზ კუპატაძე

“უახლოეს დღეებში, ვგულისხმობ ამ კვირას, ჩვენი მომლოცველები, ასევე ტურისტები გადაადგილებას მოახერხებენ იმ ტერიტორიებზე, სადაც გადაადგილდებოდნენ გუშინდელ დღემდე. ეს ეხება ჩიჩხიტურს, აღდგომის მონასტერს და სხვა დანარჩენ ტერიტორიებს”,- ამის შესახებ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ კუპატაძემ დავით გარეჯში საქართველო-აზერბაიჯანის მხარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თეიმურაზ კუპატაძის განმარტებით, იმისთვის, რომ არ განმეორდეს მსგავსი ფაქტი და თავიდან ავიცილოთ პროვოკაციები და დაძაბულობა, ორივე მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “რამდენიმე დღე მოქალაქეები ზემოთ არ ავიდნენ”.

ამასთან, მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს 14 ივლისს აზერბაიჯანელ მესაზღვრეებსა და საქართველოს ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი ინციდენტი.

“შეხვედრა დასრულდა. ჩვენ განვიხილეთ გუშინდელი ინციდენტი აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად. გავცვალეთ ინფორმაცია, ასევე განვიხილეთ ის პერიოდი, რა პერიოდშიც იქნება აკრძალვა ამ საზღვრის შეუთანხმებელ ტერიტორიაზე. ეს მოიცავს რამდენიმე დღეს და უახლოეს დღეებში იქნება ახსნილი და დაუბრუნდება ძველ რეჟიმს სიტუაცია. მოქალაქეები და ასევე მომლოცველები, ტურისტები თავისუფლად შეძლებენ იმ ტერიტორიაზე გადაადგილებას, სადაც გადაადგილდებოდნენ გუშინდელ დღემდე. რაც შეეხება ინციდენტს, გუშინ ადგილობრივი მოსახლეობა ავიდა საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, სადაც როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმყოფებიან. მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ მოხდა მცირე ინციდენტი, თუმცა სიტუაცია მათ შორის ქართველი მესაზღვრეების ჩარევის შედეგად დროულად იქნა განმუხტული. ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. არის მშვიდი ვითარება”, – განაცხადა კუპატაძემ.

შსს მოუწოდებს საზოგადოებას, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნუ აჰყვებიან პროვოკაციებს და სადელიმიტაციო კომისიას მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცენ, რათა დროულად გადაწყდეს არსებული პრობლემა.

მსგავსი თემები